თურქეთი

თურქეთში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობოებზე ზედამხედველობას გაზრდის

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

თურქეთის პარლამენტში დაიწყეს კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზედამხედველობა გაძლიერდება და რამაც,უფლებადამცველთა თქმით, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების თავისუფლებები შეზღუდოს. 

კანონის მიღების შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეძლებს ორგანიზაციების იმ წევრების შეცვლას, რომლებზეც გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით მიდის. ის ასევე შეძლებს სასამართლოს მიმართოს ჯგუფების აქტივობების შესაჩერებლად

მთავრობა აცხადებს, რომ ეს ზომა, რომელიც მოიცავს "ფონდებსა და ასოციაციებს", მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს არამომგებიან ორგანიზაციებს ტერორიზმის დაფინანსებაში და დასაჯონ ისინი, ვინც არღვევს კანონს.

კანონპროექტის თანახმად, ფონდებს ყოველწლიურად შეამოწმებენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც შეეძლებათ მათგან ნებისმიერი დოკუმენტის მოთხოვნა;  ადგილობრივ გუბერნატორებს ან შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლიათ, დაბლოკონ ონლაინ დონაციის კამპანიები ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად; 200 000 ლირამდე ჯარიმა ($ 26 200) შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც ონლაინ დონაციის არალეგალურ კამპანიებში იქნება ჩართული. ამჟამად ამ ჯარიმის ოდენობა მაქსიმუმ 700 ლირაა.

კანონპროექტი შეიმუშავა ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP), რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს ნაციონალისტ მოკავშირეებთან (MHP) ერთად.

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ადამიანის უფლებათა ასოციაციამ, განაცხადეს, რომ თურქეთში ტერორიზმის ბრალდებები თვითნებურია და რომ კანონპროექტი დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და დასჯის მათ, ვისი სასამართლო პროცესიც ჯერ არ არის დასრულებული.

2016 წელს საპროტესტო აქციების შემდგომი დარბევის შემდეგ ასიათასობით ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით. ამის შემდეგ ასობით ფონდი დაიხურა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ერდოღანმა და მისმა პარტიამ წარუმატებელი გადატრიალება გამოიყენეს განსხვავებული აზრის ჩახშობის საბაბად. მთავრობა აცხადებს, რომ ზომები აუცილებელია თურქეთის უსაფრთხოებისათვის.

კომენტარები