არჩევნები 2020

მდინარაძე ISFED-ზე: ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ და ელენე ნიჟარაძე გადადგა

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. მდინარაძის თქმით, ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბებას აბრალებდნენ და გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგები აღმოჩნდა, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა ჩაატარა.

"ჩემი საქმე არ არის უნდა წასულიყო თუ არა და არც არასდროს ჩავერევი კითხვაზე პასუხის დონეზეც კი, მაგრამ რა რეალობა მივიღეთ ამ ქვეყანაში – ქართულ ოცნებას და ცესკოს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა არჩევნები. ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს თავმჯდომარის, და ელენე ნიჟარაძე გადადგა.

ერთადერთი ვარაუდი, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას რაღაც აწყობს და ის ისე ხდება, ანუ PVT ყალბდება, რომ შემდეგ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი საფუძველი ეს იყოს და მერე ეს აშკარავდება, ყველაზე ნაკლებად მისამართი პარტია ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული ოცნება. არჩევნები თუ გაყალბდება, რევოლუციაც უნდა შედგეს და ხელისუფლებაც უპირობოდ უნდა წავიდეს". – თქვა მდინარაძემ

ელენე ნიჟარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების  (ISFED) ხელმძღვანელი აღარ არის. ინფორმაციას ორგანიზაციის ბორდის წევრი, თამარ სართანია ადასტურებს. სართანიას თქმით, დამატებითი დეტალები ცნობილი ხვალ გახდება.

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ჩაატარა. 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

ელენე ნიჟარაძემ 12 დეკემბერს თქვა, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ჩანაწერებს უსმენდნენ. ნიჟარაძე ასევე საუბრობდა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე, როდესაც მათ ორგანიზაციას პარალელური დათვლის უბნების სიის მიწოდება სთხოვეს. 

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციურ სპექტრს ბოდიში უნდა მოეხადა. ქართული ოცნების პოზიციით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მთავარი არგუმენტი სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო. მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები