არჩევნები 2020

ISFED-ის ბორდის წევრი: ელენე ნიჟარაძე აღარ არის ორგანიზაციის დირექტორი

ფორმულა

ელენე ნიჟარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი აღარ არის. ინფორმაციას ორგანიზაციის ბორდის წევრი, თამარ სართანია ადასტურებს. სართანიას თქმით, დამატებითი დეტალები ცნობილი ხვალ გახდება. 

"არ ვიცი, ვინ გითხრათ, ბორდის გადაწყვეტილება არის ეს, თუ არა. უბრალოდ, ის ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი. ხვალ არის ბრიფინგი და დანარჩენზე უკვე ბრიფინგზე ვისაუბრებთ". – თქვა თამარ სართანიამ ფორმულასთან სატელეფონო კომენტარში.

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ჩაატარა. 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

ელენე ნიჟარაძემ 12 დეკემბერს თქვა, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ჩანაწერებს უსმენდნენ. ნიჟარაძე ასევე საუბრობდა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე, როდესაც მათ ორგანიზაციას პარალელური დათვლის უბნების სიის მიწოდება სთხოვეს. 

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%
  • ევროპული საქართველო – 3.8%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%
  • ლელო – 3.2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%
  • გირჩი – 3.0%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების მიერ 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული PVT-ს შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციურ სპექტრს ბოდიში უნდა მოეხადა. ქართული ოცნების პოზიციით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მთავარი არგუმენტი სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო. მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები