მილი

ტერმინთა განმარტება (ამ სვეტის მიზნებისთვის):

მილი – დაახლოებით, 30 სანტიმეტრის დიამეტრის და ოთხიდან ექვს მეტრამდე სიგრძის, ჩვეულებრივ მრგვალი, ღრუ საგანი, დამზადებული მეტალისაგან, დაგუბებული წყლის სადენად.

ადმინისტრაციული სამართალი – სამართლის დარგი, რომელიც აწესრიგებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოსა და მოქალაქეს შორის.

ამ წერილს სამეგრელოში ვწერ, მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში, ჩემს მშობლიურ სოფელში. ამიტომ ტაბულაში ჩემი სადებიუტო სვეტის თემად, გლობალური საკითხების ნაცვლად, ნაცნობი გარემო ავირჩიე.

წლევანდელი შვებულება ყველა წინანდელისაგან განსხვავებულია – სექტემბრიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამართლის კურსი უნდა წავიკითხო და ვფიქრობდი, მხატვრულის ნაცვლად პროფესიულ ლიტერატურას მივეძალებოდი საზაფხულოდ.

აღმოჩნდა, რომ პროფესიული ლიტერატურის საკითხავად ჩემი სოფელი იდეალური ადგილი არ არის, ხან ვინ მოდის სახლში, ხან ვინ, მაგრამ ამის მიუხედავად, იდეალური ადგილი აღმოჩნდა ადმინისტრაციულ სამართალზე სასაუბროდ...

ვიცი, რომ გაგიკვირდათ, მოგიყვებით...

ჩემს უბანში ექვსი ოჯახი (იურისტები მოფერებით კომლსაც ვეძახით) ცხოვრობს, ამ ხალხს სახელმწიფოსთან, სხვა პრობლემებთან ერთად, რამდენიმე წელია, ერთი ლოკალური პრობლემაც აქვს – გზა.

უბანში ჩვეულებრივი გრუნტის გზა არის, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ წვიმამ ჩარეცხა და მანქანისთვის გაუვალი ტალახის გუბეები დააყენა, ასევე ერთ ადგილას სჭირდება მილი (პარამეტრები იხ. ზემოთ).

დაახლოებით ორი წელია, დახმარებისთვის მივმართეთ ადგილობრივ სახელმწიფო წარმომადგენლობას, აღმოჩნდა, რომ მილის გაყვანა ე.წ. სოფლის პროგრამაში შედიოდა და სახელმწიფო სახსრებით შეიძლებოდა მოგვარება. გვითხრეს, რომ წლის ბოლომდე რამეს იზამდნენ.

გუბეების ამოვსებაზე უბნის მოსახლეობამ თვითონ იზრუნა, შეაგროვეს თანხა, გადაუხადეს სახელმწიფოს ტენდერის საფუძველზე, იქვე ცენტრალური გზის მშენებელ კომპანიას და ქვა-ღორღით ამოავსეს ტალახის გუბეები. (გაშლის და მოსწორების სამუშაოებში, თქვენმა მონა-მორჩილმაც მიიღო მონაწილეობა).

მძღოლმა გვითხრა, რომ სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გზის შეკეთებისას ერთი სატვირთო მანქანა ქვა-ღორღის ამოტანა მდინარიდან ჯდებოდა 100 ლარი, მაგრამ ჩვენ 60 ლარად მოგვიტანა.
ეს ორი წლის წინ იყო...

მილი მაშინ არ ჩავდეთ, ხომ გვითხრეს, სოფლის პროგრამით გაგიკეთებთო... მილისათვის შეგროვილი თანხა, უბანმა ისევ უკან გადაინაწილა.

იმ წელს პროგრამაში ვერ ჩაჯდა...

მომდევნო წელს არჩევნები იყო და ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ გაგვიკეთებდნენ – ვერ მოესწრო...

ოქტომბრიდან ახალი მთავრობა გვყავდა და აწი მაინც ხო ვერ გადაგვაგდებდნენ ნაციონალები...

მილი, რა თქმა უნდა, ისევ ჩასადებია... გადავწყვიტეთ, ფული შევაგროვოთ და ჩავდოთ...

კიდევ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს უბანზე მომაგრებული ელექტროობის ხელოსანი (ე.წ. მანტიორი) არ ვარგა და მეზობელი უბნის „მანტიორს” უნდა დავუმატოთ თანხა, თითო ოჯახმა თითო ლარი, თვეში. ეჭვიც არ გვეპარება, რომ უკეთესად მოგვემსახურება.

უკვე ვიცით, რომ ორი წელი სულ ტყუილად დავკარგეთ სახელმწიფოს ლოდინში...

ვიცით, რომ სახელმწიფომ გაგვაზარმაცა, ცრუ დაპირებით ხელი შეგვიშალა...

ვიცით, რომ სახელმწიფოს დაპირებებისას სიცრუე ბუნებრივი მდგომარეობაა, სიზარმაცე კი ადამიანის... მაგრამ ადამიანის სიზარმაცეს ეშველება...

მე კი რამდენიმე დღეში, სტუდენტებს ადმინისტრაციული სამართალი უნდა ვასწავლო და ვუთხრა, რომ ეს ის სამართლის დარგია, რომლის ფარგლებშიც იწერება ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონების, დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების და ა.შ. 95%...

ვფიქრობ, პატიოსნება არ იქნება ზემოთქმული ისტორიის დამალვა, ასევე იმის არგამხელა:

რომ ქვეყანაში, ზედმეტი დოზით ადმინისტრაციული სამართლის არსებობა, ზუსტად იმავე შედეგს იძლევა, რასაც მისი საერთოდ არარსებობა – კომუნიზმს...

რომ უმჯობესია, ზემოთქმული 95%, მინიმუმ, განახევრდეს...

რომ მილის ჩადება, ორღობეში ქვა-ღორღის დაყრა, უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნა, თეატრალურ ფესტივალ „საჩუქარის” დაფინანსება და ა.შ. სახელმწიფოს საქმე არ არის.

არ ვიცი, სტუდენტები დამიჯერებენ თუ არა, მაგრამ თავის დროზე, მე დავფიქრდებოდი, ლექტორს რომ ეკითხა – უნდა გააკეთოს თუ არა სახელმწიფომ ის საქმე, რომელიც სხვას უფრო იაფი უჯდება?

მერე რა, რომ ამ კითხვაზე პასუხი სასწავლო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული...

კომენტარები