ქართული პარკური

თავისუფლებასა და სიცოცხლის უფლებას იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც მისთვის დღითიდღე იბრძვის. -იოჰან ვოლფგანგ გეტე- საზღვრებს მიღმა ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი კაცობრიობისათვის სამყაროს შეცნობა მუდმივ და უწყვეტ პროცესს წარმოადგენს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების შეცნობით იწყება. უდიდესი და უძლიერესი იარაღი, რომელიც ადამიანს ოდითგანვე გააჩნდა - ეს მისი სხეულია. ძლიერი სხეულისა და ძლიერი გონების ერთობლიობა კი წარმოსახვაში იდეალური ადამიანის ჩანასახს ბადებს. სრულყოფილებისათვის მას მხოლოდ ერთი ელემენტი-ღა აკლია - თავისუფლება. ამ ყველაფრის გაერთმთლიანებას, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც დასჭირდეს და ზოგჯერ, სრულყოფილი ჩანასახის არსებობა ჯადოსნურ ზღაპარს უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას. ისმის კითხვა - შესაძლებელია თუ არა სიცოცხლეშივე სხეულისა და გონების სრულყოფა და თავისუფლების მოპოვება? “ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულიო” ამბობენ და ადამიანი მაშინვე ხვდება, თუ რა სახის განვითარებაზე იქნება საუბარი - ეს ფიზიკური განვითარებაა. რას იტყვით, თუკი სხეულის სრულყოფას გონებისა და თავისუფლების ელემენტებსაც დავურთობ? რას იტყვით იმაზე, თუკი მოვახდენ სხეულის, გონებისა და თავისუფლების სიმბიოზს და მას პარკურს ვუწოდებ? ვიკიპედია კარგ სამსახურს გაგვიწევს და აგვიხსნის, რომ პარკური - ეს არის “დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).” ხელოვნება, დაიხსომეთ ეს სიტყვა. Storm Freerun [ინგლისი] [video]http://www.youtube.com/watch?v=dHy9W9LpvlQ[/video] ვიკი ისევ ცოტატი წაგვეხმარება და მოგვახსენებს, რომ ადამიანს, ვინც პარკურითაა დაკავებული, ტრეისერი ჰქვია. ტრეისერი - ხელოვანია, მაგრამ მისი ქმნილება გარემოს როდი უკავშირდება, არამედ რაღაცას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს. ტრეისერი - საკუთარი თავის შემქმნელი და აღმომჩენია. სხეულის განვითარების პარალელურად ის შეისწავლის მას და შესაძლებლობის საზღვრებს სულ უფრო და უფრო აფართოებს. სხეულის შეცნობით მისი კონტროლის უნარიც ჩნდება, ხოლო უკანასკნელი - საფუძველს უყრის სხეულისა და გონების ჰარმონიულ თანაარსებობას. ქუჩაში გასულებს, შესაძლოა, შეგიმჩნევიათ კიდეც ეს ხელოვანები, რომლებიც დღითიდღე სრულჰყოფენ საკუთარ ქმნილებას ვარჯიშებითა და უბრალოდ კარგი დროის გატარებით. ვითარდება სხეული, ვითარდება სული. ქუჩა - მათი სავარჯიშო ადგილია. მათ განკარგულებაში მთელი სამყაროა. თუმცა, ყველაფერს ვარდის ფურცლებით მოფენილი გზა როდი უძღვის წინ. არის დაცემაც და გამარჯვებაც. არის ტკივილი. ტრავმა. პირველი, რისი სწავლება უწევთ თავისუფლებამოწყურებულ ხელოვანებს, ეს დაცემის ხელოვნებაა. ამას კი სჭირდება უფრო უსაფრთხო გარემო, სჭირდება დარბაზი, რომლის უკმარისობასაც გვერდს ვერ ავუვლით. ტრეისერი სწავლობს დაცემას, მაგრამ უარს ამბობს სულით დაცემაზე. 2010 წელი. სატელევიზიო შოუ “ნიჭიერი”. ბევრი ქართველის ლექსიკონი კიდევ ერთი უცხო სიტყვით მდიდრდება და ამჯერად ეს სიტყვა - “პარკურია”. შოუს დასაწყისში პირველად გაჟღერებული, ფინალშიც ისეთივე შემართებით ისმის. ეს არის პირველი ნაბიჯი ქართველი ხელოვანებისათვის. ეს არის გამარჯვება. ჩემს კამერას ჯერ კიდევ ახსოვს პირველი მოძრაობა და ის ტრიუმფი, რომელიც მას მოჰყვა. ახსოვს ის თავისუფლებაც, რომელსაც ტრეისერი გამოხატავდა - არჩევანის თავისუფლება, რომელიც მის თითოეულ მოძრაობაში იყო ჩასახული. ამის შემყურეს გარკვეული სევდა მიჩნდება იმის გამო, რომ სატელევიზიო კამერები მიმართულია ისეთი რამისკენ, როგორიც, მაგალითად, შორენა ბეგაშვილის შიშველი სხეულია და არა ამ სილამაზისკენ, რომელსაც ლამაზი შეფუთვის (პარკურის ვიზუალური მხარის) გარდა თან ახლავს ისეთი “შიგთავსი”, როგორიცაა “ადამიანი, ძლიერი სხეულითა და ძლიერი სულით”. რა იქნება, თუკი ამ კამერებს შემოვატრიალებთ? რა მოხდება, თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესით შეპყრობილი ხელოვანების ქმნილებით სხვებიც დატკბებიან? თუკი ტრეისერები დაცემის ხელოვნებას გაცილებით უსაფრთხო დარბაზებში დაეუფლებიან და სხვებს “სრულყოფილი ჩანასახის” არსებობაში დაარწმუნებენ? როდესაც დროდადრო გადავხედავ-ხოლმე კამერით “დაჭერილ” მოძრაობებს, ჩემში კვლავ იღვიძებს იმედი იმისა, რომ პარკურს, ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად შეემატებიან ისინი, ვინც ხელს შეუწყობს მის განვითარებასა და გავრცელებას. იმედი, რომ ტრეისერები, ასეთივე წარმატებით განაგრძობენ გამარჯვებისკენ სვლასა და ლამაზი მოძრაობებით კვლავ გაახარებენ ადამიანის თვალს. GT Crew [საქართველო] [video]http://www.youtube.com/watch?v=p2jZH5uBE38[/video] [video]http://www.youtube.com/watch?v=DHMItoR5HNg[/video]

კომენტარები