მსოფლიო ჩემპიონატი ტერორიზმში

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის პირველი ტაიმი იწურებოდა, როდესაც იმედგაცრუებისა და შვების ნაზავის ხმა გაისმა რესტორნებიდან და ბარებიდან მთელ მსოფლიოში. ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა, არაჩვეულებრივად დაიცვა კარი. ზუსტად ამ დროს ხმა გაისმა კამპალის ეთიოპიური სოფლის რესტორნიდან - თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ფეხბურთის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილას. ორიოდ წუთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ხალხით სავსე კუადონდოს რაგბის კლუბში. გეგონებოდა, ავღანეთი აღმოსავლეთ აფრიკაში გადმოიტანესო.

სომალის ტერორისტულმა ჯგუფმა, ალ შაბაბმა, რომელსაც ალ ქაიდასთან აქვს კავშირები, მალევე აიღო პასუხისმგებლობა მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომხდარ აფეთქებებზე, რომელთა შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა. „უგანდა ჩვენი ერთ-ერთი მტერია, - თქვა ალ შაბაბის მეთაურმა, - ის, რაც მათ ცრემლებს ადენს, ჩვენთვის სიხარულის მომტანია. დაე, ალაჰის რისხვა დაატყდეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს”.

სომალი, მსოფლიოს პირველი არშემდგარი სახელმწიფო, რომელიც 1991 წლიდან, პრაქტიკულად, მთავრობის გარეშეა, აღმოსავლეთ აფრიკაში მზარდი პრობლემის მაჩვენებელია.

არშემდგარი სახელმწიფოები ძალზე ნოყიერი ნიადაგია სიღარიბის, დაავადებების, დანაშაულის, ძალადობის, რადიკალიზმისა და ტერორიზმის გავრცელებისთვის. მეზობელი ქვეყნები შიშობენ, რომ ეს პრობლემები მათ საზღვრებსაც გადალახავს. დასავლეთის ქვეყნები კი შიშობენ, რომ არშემდგარი სახელმწიფოები - ავღანეთის მსგავსად - უსაფრთხო თავშესაფარი და მოსამზადებელი პოლიგონია ტერორისტებისთვის, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ევროპას ან ამერიკას შეუტიონ. სწორედ ამიტომ იბრძვის ნატო ავღანეთში.

1991 წელს დიქტატორ სიად ბარეს განდევნის შემდეგ ამერიკელებმა, ევროპელებმა და სომალის მეზობელმა სახელმწიფოებმა რამდენიმე მიდგომა მოსინჯეს: პირდაპირი, თუმცა შეზღუდული ამერიკული ინტერვენცია შეიარაღებულ ფორმირებათა კოალიციისა და ეთიოპიის სომალიში შეჭრისა; და 2006 წლიდან 2009 წლის დასაწყისის ჩათვლით ოკუპაციის მხარდაჭერა.

იმ პერიოდში ისლამური სასამართლოების კავშირი, რომელიც ცოტა ხნით აკონტროლებდა ქვეყანას, დაიშალა და შვა ალ შაბაბის რადიკალური ჯგუფი. ეთიოპელების ქვეყნიდან გასვლამ სომალის ის მცირედი უსაფრთხოებაც დაუკარგა, რაც ჰქონდა და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ალ შაბაბსა და სხვა რადიკალურ მოძრაობებს.

დღეს მეზობელი სახელმწიფოები, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერით, ამყარებენ შეიხ შარიფ აჰმედის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. აფრიკის კავშირის ეგიდით, უგანდასა და ბურუნდის 6000-კაციანი სამშვიდობო ძალები ჰყავს ჩაყენებული მოგადიშუში. მაგრამ ალ შაბაბმა აჰმედს დედაქალაქის მხოლოდ მცირე ნაწილი დაუთმო და ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილებსაც აკონტროლებს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე აფრიკის კავშირი დათანხმდა, 8000-მდე გაეზარდა თავისი ჯარები.

კამპალას აფეთქებები, შესაძლოა, დაწყებითი გამბიტი იყოს ალ შაბაბის მცდელობისა, აიძულოს უგანდა, გავიდეს მოგადიშუდან. „ჩვენ გავაფრთხილეთ უგანდა, არ ჩაეყენებინა ჯარები სომალიში; მათ ეს ყურად არ იღეს”, - თქვა შეიხმა, მოჰამუდ რეიჯმა, ალ შაბაბის სპიკერმა. „კამპალაში აფეთქებები მხოლოდ უმნიშვნელო შეტყობინება იყო მათ საყურადღებოდ... მათ მიზანში ყველგან ამოვიღებთ, თუ უგანდა ჩვენი მიწა-წყლიდან არ გავა”.

გარდა ამისა, ზოგი დამკვირვებელი შიშობს, რომ ეს საფრთხე შეიძლება ბურუნდის, ჯიბუტის, ეთიოპიასა და კენიასაც დაემუქროს. დასავლელებს კი ის აშფოთებთ, რომ ალ შაბაბი, მიუხედავად მისი სომალური ფესვებისა, შეიძლება ალ ქაიდას სახიფათო ფილიალად იქცეს.

ჯერ კიდევ 2006 წელს აიმან ალ ზავაჰირი, ალ ქაიდას მეორე ნომერი ლიდერი, დაუკავშირდა რადიკალურ ელემენტებს სომალიში: „სომალელო ძმებო ისლამურ ჯიჰადში: იცოდეთ, რომ თქვენ ისლამის სამხრეთ ფრონტს იცავთ, არ დაუშვათ თქვენი ფრონტის ხაზიდან ისლამზე თავდასხმა და იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ”.

მას შემდეგ ალ შაბაბს შეუერთდა რამდენიმე უცხოელი და სომალის დიასპორის წევრი დასავლეთში. რამდენიმე უცხოელი უკვე დაკავებულია მსოფლიო ჩემპიონატის აფეთქებებთან დაკავშირებით, ხოლო გასულ თვეში აშშ-ს დაზვერვის ფედერალური ბიუროს აგენტებმა დააკავეს ნიუ ჯერსიში მცხოვრები ორი სომალური წარმოშობის პიროვნება, რომლებიც, სავარაუდოდ, ალ შაბაბში გაწევრიანებას აპირებდნენ.

ეს ორმაგი საფრთხის მაჩვენებელია - რადიკალური და დაუნდობელი ალ შაბაბის გაძლიერება აღმოსავლეთ აფრიკაში და დასავლეთში მცხოვრები რეკრუტების მომზადება თავიანთ „მშობლიურ” ქვეყნებზე თავდასხმებისათვის. რაღაც თვალსაზრისით, აღმოსავლეთ აფრიკაში ავღანეთი გადმოიტანეს.

თუმცა, ავღანეთის გაკვეთილები, ადგილობრივი ვითარების თავისებურებასთან ერთად, ძალზე განსხვავებულ რეაგირებას მოითხოვს. ერთი დიდი განსხვავება ის არის, რომ სომალის მეზობლები აცნობიერებენ საფრთხეს და ცდილობენ, თავიდან აიცილონ. აფრიკის კავშირი ჯარის 20.000-მდე გაზრდას ფიქრობს. უეჭველია, იგი აშშ-სა და ევროპას მოსთხოვს დახმარებას მსუბუქი შეიარაღებით, ფულითა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით. აშშ-ც, უეჭველია, დაიტოვებს უფლებას, პირდაპირ იმოქმედოს გარკვეულ ვითარებებში. თუმცა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - როგორც ძალზე მცირე, ისე ძალზე დიდმა დახმარებამ, შესაძლოა, არსებული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.

კომენტარები