პატრიარქის ქადაგება

ილია II: ლოცვა დავწერე, რომ უფალმა სიმშვიდე მოგვცეს, წაიკითხეთ სახლში, სამსახურში, ტაძარში

საქართველოს საპატრიარქო

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის". - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ლოცვა დღეიდან ტაძრებში იქნება და ის მრევლმა ეკლესიაში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.

"ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ლოცვისა, ამინ. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორის დაწერილი ლოცვა მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა:

"მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ, მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

კომენტარები