არჩევნები 2020

ენმ-მ, ევროპელებმა, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა მანდატებზე ოფიციალურად თქვეს უარი

ტაბულა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა. ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელოს ყველა წევრმა, რომელიც პარლამენტში შედიოდა, მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს დღეს, 16 დეკემბერს მიმართა. იქამდე, პარტიებმა სია ცესკოში გაანულეს.

ძალა ერთობაშია-ში რესპუბლიკური პარტიის განსხვავებული შეხედულებების და გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან გასვლის მიუხედავად, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი გამსვლელი სიის 36-ვე წევრმა თქვა პარლამენტარობაზე უარი.

რამდენიმე დღის წინ მანდატზე უარის თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც.

მანდატებზე უარი, ჯერჯერობით, არ უთქვამს გირჩს, მოქალაქეებს და პატრიოტთა ალიანსს. ორი დღის წინ გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობდა, რომ "თუ 38 დეპუტატი დატოვებს მანდატს", გირჩის მინიმუმ 3 დეპუტატი დაწერდა განცხადებას.

პარტია მოქალაქეები მოლაპარაკებების გაგრძელების საბაბით, ჯერჯერობით, მანდატებზე უარს არ ამბობს. ლევან იოსელიანის თქმით, არ უნდა, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მანდატის დაბრუნების თხოვნით ირაკლი კობახიძეს მიმართოს.

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, პარტიის ერთერთი ლიდერის გოჩა თევდორაძის თქმით, "ოპოზიცია ცალკე მოქმედებს, ჩვენ ცალკე ვმოქმედებთ... ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, მის მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილეობას და მანდატსაც დავტოვებთ".

კომენტარები