ქრისტეშობა

რატომ არის უკანონო რელიგიური უმცირესობებისთვის სიების მოთხოვნა? - მაკო ღავთაძის განმარტება

მაკო ღავთაძე
ტაბულა

საქართველოს მთავრობა, stopcov.ge-ს მეშვეობით აცხადებს, რომ რელიგიურმა ჯგუფებმა საშობაო ღვთისმსახურების აღსასრულებლად და ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოს სიები უნდა წარუდგინონ.

"შესაბამისი კონფესიები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენენ მრევლის და მღვდელმსახურთა სიებს, რომელთა საფუძველზეც ოპერაციული შტაბის მიერ გაიცემა გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა". - წერია საიტზე.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე ტაბულასთან საუბარში ვრცლად განმარტავს ამ მოთხოვნის რისკებს.

"წელს, კორონავირუსის ფონზე, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა სახელმწიფოს დისრკიმინაციული დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ, მისი არასეკულარული პოლიტიკა და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასული ურთიერთობები დომინანტურ რელიგიურ ჯგუფთან. ჯერ გაზაფხულზე პრემიერმა გვითხრა, რომ ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ, აწარმოა ბუნდოვანი მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან და მერე, ამავე პერიოდში, სახელმწიფო ტყეებითაც დაასაჩუქრა ეკლესია.

ახლა კი ვიცეპრემიერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით მხოლოდ უმრავლესობამ უნდა ისარგებლოს, მხოლოდ უმრავლესობას აქვს შობის აღნიშვნის უფლება.

გამოდის, რომ ხელისუფლებისთვის ამოსავალი არის არა ადამიანი, არამედ გარკვეული პრივილეგირებული ინსტიტუტები და ჯგუფები.

რაც შეეხება არადომინანტური რელიგიური ჯგუფების მიერ შობისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას. სახელმწიფომ განმარტა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ექნებათ აღნიშნონ საკუთარი რელიგიური დღესასწაული, მათთვის გაიცემა გადაადგილების ერთჯერადი საშვები.

ამისთვის, მსურველმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა საკუთარი სასულიერო პირების და მრევლის სიები უნდა გადასცენ პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. 

რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით, ეს უკიდურესად პრობლემური და მიუღებელია. ეს პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები.

მსგავს სქემებს ავტორიტარული სახელმწიფოები იყენებენ.

გარდა ამისა, ეს გამოვა ადამიანების იძულება, რომ გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება.  ამ გზით, სახელმწიფო ლეგიტიმური მიზნის გარეშე მოიპოვებს წვდომას რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირების და სხვა წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციაზე, მათ რაოდენობაზე, საცხოვრებელზე და სხვა მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებზე, რაც შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული ადამიანების და ჯგუფების კონტროლისა და დაშინების მიზნით. 

პერსონალური მონაცემების ამ სახით და ამ ფორმით მოთხოვნა გამოიწვევს იმ მონაცემების გამჟღავნება, რაც დაკავშირებული იქნება პირის რელიგიურ მრწამსთან. კანონმდებლობით კი პირის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. 

ბოლო წლებში არაერთხელ დაისვა კითხვა, რა მიზნით შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართ არ ეფუძნება კანონის უზენაესობის პრინციპს და ადამიანის უფლებებს. პირიქით, არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით მუდმივად ლაპარაკობენ "სახელმწიფო უსაფრთხოებაზე", ხოლო ქმედებები რელიგიური ჯგუფების ავტონომიაში ჩარევის და მათი კონტროლის მცდელობას ჰგავს". - ამბობს ღავთაძე.

კომენტარები