ქრისტეშობა

მღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე: ნება შენი, მეგობარო

ქრისტეშობა

მღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე: ნება შენი, მეგობარო

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,

ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2:14).

ლუკას სახარების ეს ცნობილი ფრაზა, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად გამოიყენება ლიტურგიაში (წირვის შესავალ დიალოგსა და "დიდება მაღალიანის" დასაწყისში), წარმოადგენს საშობაო ჰიმნოგრაფიის ძირითად თემას როგორც ლიტურგიულ, ასევე პარალიტურგიულ, ხალხურ ტექსტებში.

ადვილი შესამჩნევია, რომ ლუკასეული ტექსტი ორ სტრიქონად იყოფა. პირველში საუბარია იმაზე, რაც არის "მაღალთა შინა", მეორეში კი "ქვეყანასა ზედა". ტექსტის ასეთი განაწილება შთაგონებად იქცა არაერთი  საშობაო სიმღერისათვის, რომლებიც ორ გუნდს შორის ანაწილებენ ადამიანთა პარტიას, ქვემოდან ზემოთ მიმართულს (დიდება მაღალთა შინა ღმერთსა) და ანგელოზთა პარტიას, ზემოდან ქვემოთ მომართულს (ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება).

საშობაო ჰიმნებში ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი წესრიგშია, ისე, როგორც უნდა იყოს. თუ ერთი სიტყვით არის შესაძლებელი ამ საგალობლებისა და სიმღერების შინაარსის გადმოცემა, ეს სიტყვა იქნება "ჰარმონია". ამ ჰარმონიის საფუძველი არის ღვთის ნება: "იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა".

ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ყველა სიტყვა შეგვიძლია გამოვიყენოთ გარდა "ჰარმონიისა“. დისჰარმონიის, ქაოსის, უსამართლობის, წარუმატებლობის მტკივნეული გამოცდილება კი ხშირად გვიბიძგებს დისონანსი შევიტანოთ იმ დიალოგში, ანტიფონურ დიდებისმეტყველებაში, რომელიც ზეცასა და ქვეყანას შორის იმართება.

გასული საუკუნის ცნობილი ფრანგი მისტიკოსი, მადლენ დელბრელი წერდა, რომ არაფერია იმაზე რთული, ვიდრე ილოცო „იყავნ ნება შენი“. ჩემი მხრივ, დავამატებდი, რომ რეალურად ძალიან მარტივია ვილოცოთ: „იყავნ ნება შენი ცათა შინა“, იქ სადაც ყველაფერი იდეალურია, იქ სადაც ჩვენ არ ვართ, მაგრამ ძალიან რთულია ვთქვათ „იყავნ ნება შენი ქვეყანასა ზედა, აქ, ახლა, ჩემს ცხოვრებაში“.

ამ გაორების ფესვები იძებნება ღვთისადმი უნდობლობაში ჩვენს გეგმებთან, ჩვენს სურვილებთან დაკავშირებით, რადგან ადამიანს ბუნებრივად ურჩევნია თავად შექმნას საკუთარი ცხოვრების პროექტი და სთხოვოს ღმერთს ამ პორექტის დალოცვა - ხელის მომართვა - როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე. 

უნდობლობას შემოაქვს დისფონია ანგელოზთა და კაცთა გუნდებს შორის, ბზარი მიწისა და ზეცის ურთიერთობაში და საბოლოოდ კაცნი არ აღავლენენ დიდებას მაღალთა შინა და ზეცა აღარ უგზავნის ქვეყანას მშვიდობას, უფრო სწორედ კი ქვეყანა არ ღებულობს ზეციდან გამოგზავნილ მშვიდობას.

იმისთვის, რომ ვილოცოთ: "იყავნ ნება შენი ქვეყანასა ზედა", საჭიროა ცოდნა, თუ რას გულისხმობს "ნება" ღვთისა. ამ ცოდნის მოთხოვნილება საერთოდ არ არის საყვედრელი რამ, რადგან იესო ქრისტემ, იოანეს სახარების მე-15 თავში სწორედ ღვთის ნების ცოდნას დაუკავშირა სხვაობა ღმერთთან ურთიერთობის ორ ფორმას - მონობასა და მეგობრობას შორის: „მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამოგიცხადეთ“ (ინ. 15:15).

ქრისტეს შობით იწყება ღვთის ნების გამოცხადება კაცთა შორის, რადგან როგორც ზეცით გარდამომავალი, ანგელოზთაგან ნაგალობები მშვიდობა, ისე დაეშვა ღვთის სიტყვა ცხოველთა საკვებ ბაგაში და უვნებელი, უსუსური ჩვილის სახით მოევლინა კაცობრიობას. შეუძლებელია, შობის ხატს უყურებდე და ეჭვი შეგეპაროს იმაში, რომ ღვთის ნება, რომელსაც ასე არ ვენდობით, არაფერია, გარდა მშვიდობისა.

მართალია, ისტორიაში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ იცოდნენ ღვთის ნება, როგორც ჰეროდე, რომელმაც სცადა მოგვებისაგან შეეტყო სიმართლე, მაგრამ არ ისურვა ყოფილიყო ღვთის მეგობარი, არ ენდო ახალშობილს და ყრმათა სისხლით აღბეჭდა მაცხოვრის შობის წელი; მართალია დღემდე არიან იერარქები, რომლებიც ჯარსა და იარღს უფრო ენდობიან, ვიდრე ღმერთს (რადგან რეალურად არც მათ იციან რა არის ღვთის ნება, იმიტომ რომ უარი თქვეს მეგობრობაზე და ძალაუფლებას დაუმონეს თავი), მართალია დღემდე ამართლებენ უდანაშაულოთა სისხლის ღვრას, მაგრამ ასეთებმა განკაცებული ღმერთის სისხლიც დაღვარეს, რელიგიის სახელით.

ის, რაც სიცივისგან თავშესაფარად ღარიბულ სახვევებს მინდობილი, წვიმისა და ქარისაგან დასაცავად ცხვრის სადგომ გამოქვაბულს შეფარებული, ახალშობილი ღვთაებრივი ჩვილისაგან შეიძლება ვისწავლოთ არის რაობა ღვთის ნებისა: მან ინება ზეციდან ქვეყნად გარდამოვლენილიყო, არა ანგელოზთა შემაძრწუნებელი ლეგიონების, არა სტიქიებისა და ქარტეხილების, არამედ უსუსური და უმანკო ჩვილის სახით, რომელსაც მხოლოდ მშვიდობის მოტანა შეუძლია. მან ისურვა, რომ ყოფილიყო მეგობარი, რომელსაც სურს ყველაფერი გაგვიზიაროს, მათ შორის ზეცასთან მეგობრობა და ის ანტიფონური დიდებისმეტყველება ზეცასა და ქვეყანას შორის, რომელიც შუა საუკუნეების ბრწყინვალე რელიგიურმა ინტუიციამ ქრისტეს შობის სიმღერებად აქცია.

და თუ შევხედავთ სახარებაში აღწერილ და ხატებში ამეტყველებულ შობის სცენებს, დავაკვირდეთ უსუსურ ახალშობილს, დარწმუნებულები მისი უნდობლობის შეუძლებლობაში ვიტყვით: "იყავნ ნება შენი, არა მხოლოდ ზეცაში, არამედ აქ, დედამიწაზეც, ჩვენს შორის, ჩვენს ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემო მეგობარო".

კომენტარები