არჩევნები 2020

მეგრელიშვილი ოცნებას: ჩართეთ ნაციონალები პროცესში, რომ თვითონვე უნდოდეთ პარლამენტში შესვლა

ON.GE

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ იქ შესვლა სირცხვილია. ამის შესახებ მეგრელიშვილმა მედიაცენტრ მთავარში თქვა. 

მან ქართულ ოცნებას მოუწოდა, მისცენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, რომ მერე თავად მოუნდეთ პარლამენტში შესვლა. 

"მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ ისეთი კლიმატი შექმნას, სადაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პროცესში და თვითონვე უნდოდეთ მერე პარლამენტში შესვლა. ანუ ასე არ არის სიტუაცია, რომ ხალხს პარლამენტში შესვლა არ უნდა, მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს კოლეგებს. უბრალოდ, არის შექმნილი სიტუაცია, სადაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილია". – ამბობს მეგრელიშვილი. 

 

ირაკლი კობახიძემ, "ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

    კომენტარები