არჩევნები 2020

კობახიძე: მოვითხოვთ, ISFED-მა დაასახელოს უბნების იმ 8%-ის ჩამონათვალი, სადაც დისბლანსი იყო

პარლამენტი

"მოვითხოვთ, ISFED-მა უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა". – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

კობახიძის თქმით, ISFED-ის ხელმძღვანელის განცხადება, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები არ ცვლის ოქმებში არსებულ დისბალანსს და არჩევნების შესახებ არსებულ პრობლემებს ძალაში ტოვებს, ტყუილია. 

"ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3 847 უბნიდან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი. 

გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ სამართლიანი არჩევნების სარჩელების და გასაჩივრებული უბნების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ უბნების არათუ 8, არამედ 1%-იც არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა ათასამდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღნიშნა, საიდანაც მეტნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა". – თქვა კობახიძემ. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%
  • ევროპული საქართველო – 3.8%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%
  • ლელო – 3.2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%
  • გირჩი – 3.0%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების მიერ 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული PVT-ს შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

კომენტარები