კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესი 14 დეკემბრიდან დაიწყება

AN

აშშ-ში Pfizer-ის და BioNTech-ის ერთობლად შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა ორშაბთიდან, 14 დეკემბრიდან დაიწყება. 

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის აშშ-ს საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა

გენერალ გუსტავ პერნას თქმით შაბათ-კვირას აშშ-ს მაშტაბით ვაქცინის სამი მილიონი დოზა დაეგზავნება ვაქცინის ადმინისტრირების ცენტრებს. გენერალ პერნას თქმით, ორშაბათს ვაქცინას უკვე მიიღებს 143 ცენტრი, სამშაბათს დამატებით - 425, ხოლო ოთხშაბათს - 66.  

​Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტიანია და FDA-ს თანახმად, გამოყენებისთვის უსაფრთხოა. სააგენტოში განაცხადეს, რომ ვაქცინის გაკეთება 16 წლის და უფროს პირებს შეუძლიათ.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო დიდ ბრიტანეთში. ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცეს კანადაში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში. ვაქცინაციის პროცესში პირველ რიგში აიცრებიან სამედიცინო სფეროში დასაქმებულები და მაღალი რისკჯგუფები. მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის უფრო ფართო ნაწილისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იანვრიდან გახდება.

შაბათს აშშ-ში 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 309 ადამიანს მიაღწია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად ერთ დღეში COVID-19-ით გარდაცვლილთა ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსის 16 067 965 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 297 843 ადამიანი.

კომენტარები