არჩევნები 2020

კობახიძე ISFED-ზე: მეტყველებს, რომ, მინიმუმ, თამარ ჟვანიას და ცესკოს არაფერი გაუფუჭებიათ

"მეტყველებს, რომ, სულ მცირე, თამარ ჟვანიას და ცესკოს არაფერი გაუფუჭებიათ". - ამბობს ქართული ოცნების აღმასრუელებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ISFED-ის PVT-ის განახლებული შედეგების შესახებ გამართულ ბრიგინგზე. 

"PVT აჩვენებს იმას, რომ, თითქოს, ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ, პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გადალახა ბარიერი. ამას არ სჭირდებობა რაიმე განსაკუთრებული ჩაღრმავება. უკვე ციფრებიდან და არითმეტიკიდან არის ნათელი ის, რომ PVT-ში იყო დაშვებული ძალიან უხეში ხარვეზი, რისი გადამოწმებაც ჩვენ ვითხოვეთ და უცხოელმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით მისცეს ძალიან მყისიერი რეაქცია, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ, მინიმუმ, რაც არის დადასტურებული PVT-ს ხარვეზის აღმოჩენით, სულ მცირე, თამარ ჟვანიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციას არაფერი გაუფუჭებიათ. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, რაც შეეხება კარუსელებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მოსყიდვას, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ დებატები". - ამბობს კობახიძე. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, "ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" და 2012 წლიდან სამართლიან არჩევნებს "ასეთი მძიმე გამოწვევა" არ ჰქონია.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, Isfed-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ვროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები