არჩევნები 2020

დეკანოიძე ISFED-ზე: ეს არის ფარული მიყურადების და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე საკუთარ Facebook გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაში (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება. დეკანოიძე წერს, რომ ეს ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითია.

"1. როგორ გაიგეს კობახიძე/მდინარაძემ ISFED-ის ცდომილებაზე და ოპოზიციას შემოუცურეს როგორც გადათვლის მექანიზმი:

2. ეს არის ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითი;

3. ამ ამბავზე ნორმალურ ქვეყანაში დიდი ამბავი ატყდებოდა და გამოძიება დაიწყებოდა;

4. 8-პროცენტიანი დისბალანსი ოქმებში არ გამქრალა, რაც რამდენიმე პროცენტს ისედაც სცდება;

5. ISFED არ ითვლის ხმებს, ითვლის ოქმებს. ამავე დროს, გასაჩივრებული ოქმებიც არ დაუკმაყოფილეს.

ეს არის მთავარი და არა ქოცების და მათთან გათანაბრებული ადამიანების ჟრიამული". – წერს ხატია დეკანოიძე.

სამართლიანი არჩევნები (ISFED) შიდა აუდიტის შედეგების შემდეგ გამოვლენილ ხარვეზებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს.

განცხადებას ეხმაურება, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაც. ბოკერიას თქმით, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო. მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს, ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

კომენტარები