რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანმა 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და რუსეთის, რეგიონული პლატფორმის შექმნა განიხილა

ბაქოში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ექვსი ქვეყნისგან შემდგარი რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

მან თქვა, რომ თურქეთთან, რუსეთთან, საქართველოსთან, ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, სომხეთსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ რეგიონალურ პლატფორმაში, თუ ეს ხელს შეუწყობს რეგიონალურ მშვიდობას.

ერდოღანმა ისიც თქვა, რომ თურქეთმა, შესაძლოა, სომხეთს საზღვარი გაუხსნას, თუ ერევანი რეგიონალური მშვიდობისთვის პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს.

ერდოღანი ბაქოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის დაესწრო მთიანი ყარაბაღის სამხედრო კამპანიის აზერბაიჯანის  სასარგებლოდ დასრულების  აღსანიშნავად ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმს.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან და, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები