აშშ-ჩინეთი

აშშ-მ ჩინეთის მაღალი რანგის 14 პირს ჰონგ-კონგის გამო სანქციები დაუწესა

REUTERS

აშშ-მ ჩინეთის 14 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის მიზეზია გასულ თვეს, პეკინის ჩარევით, ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოში არჩეული ოპოზიციონერების გაშვება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო ზომებით იმუქრება. პეკინი ვაშინგტონს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს.

სანქციები დაუწესეს ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული სახალხო საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეებს.

"ეროვნული სახალხო საბჭოს კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ეროვნული უშიშროების კანონს, რომელიც პეკინმა არაერთხელ გამოიყენა განსხვავებული აზრის ჩასახშობად და მათ დასაპატიმრებლად, ვინც პეკინის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებს". – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქციებით მათ აშშ-ში მოგზაურობა ეკრძალებათ, აშშ-ში არსებული ნებისმიერი აქტივი ებლოკებათ, ამერიკელებს და ამერიკულ კომპანიებს მათთან ბიზნესის კეთების უფლება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს ჰონგ-კონგის პარლამენტიდან ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი გაუშვეს, რის შედეგადაც, დარჩენილმა ოპოზიციონერებმა პარლამენტიდან წასვლა დააანონსეს.

ჰონგ-კონგში ზაფხულში პეკინის მიერ დაწესებული ახალი ეროვნული უშიშროების კანონით, რითაც ჰონგ-კონგის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა, პეკინს შეუძლია, გააგდოს "არაპატრიოტი" ოპოზიციის წევრები. 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში აშშ-მ ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის, ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისთვის 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის, ქალაქის ლიდერს, კერი ლამს, სანქციები დაუწესა.

ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო, მაშინ ჰონგ-კონგის ქუჩებში, დაახლოებით, მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები გაგრძელდა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, ქალაქის ლიდერ კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მას შემდეგ, ჰონგ-კონგისთვის ვითარება გაუარესდა. ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

ამჟამად ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ სავაჭრო ომის, ჰონგ-კონგის, ტაივანის, ჩინეთის სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვა.

კომენტარები