არჩევნები 2020

ბესელია: თუ ამდენი უარის შემდეგ, ვიღაც ადგება და შევა პარლამენტში, ანუ ივანიშვილმა იყიდა

ტაბულა

პარტია სამართლიანობისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, თუკი ამდენი უარის შემდეგ ვინმე რაიმე მიზეზს იპოვის პარლამენტში შესასვლელად, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ივანიშვილმა მოისყიდა ეს პოლიტიკოსი. ამის შესახებ ბესელიამ Palitranews-ის ეთერში ისაუბრა. 

"უბრალოდ, ნებისყოფა უნდა ეყოს ყველას, რომ ამ ცდუნებას გაუძლოს. მარტივად იქნება სახელდებული, რომ ვინც ამდენი „არას“ თქმის შემდეგ და ამდენი განცხადების შემდეგ ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, უბრალოდ ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა ის პოლიტიკოსი, ასე დაერქმევა ეს სახელი". – ამბობს ბესელია. 

მისივე თქმით, ის პლებისციტის მომხრე არ არის და ამ პროცესს რამდენიმე ფაქტორის გამო სკეპტიკურად უყურებს. 

"სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არ დამიმალავს ჩემი განწყობა, ვითვალისწინებ კოვიდის ფაქტორს, იმას, რომ შეიძლება ახალი წლების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდეს ეკონომიკური ვითარება, ბევრი სირთულე მოიყრის თავს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მორალურადაც, სულიერადაც, პოლიტიკურადაც. ამიტომ, ძალიან დიდი რისკი ახლავს ასეთი პროცესის დაგეგმვას, ამიტომ, შევხედავდი ძალიან სკეპტიკურად პლებისციტის საკითხს, არ ვარ იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ამას მხარს უჭერს. პოლიტიკური დიალოგის კულტურა, მათ შორის, იმასაც ნიშნავს, რომ ეს ვერსიაც განიხილო, რადგან მას მომხრეები ჰყავს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი გამოაჩენს ამ გზის ნაკლებ პერსპექტიულობას". – ამბობს ბესელია. 

დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა. როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები