არჩევნები 2020

პარლამენტთან დაკავებული 4 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა

ტაბულა

გუშინ, 5 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებული ოთხი აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმეზე შემდეგი პროცესი 15 დეკემბერს დაინიშნა.

"ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლო გადადებულიყო გონივრული ვადით იმ საფუძვლით, რომ გავცნობოდით წარმოდგენილ მტკიცებულებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ვიდეოფირები. ჩვენ ამისთვის გვჭირდება დრო. ამ საფუძვლით 4 დაკავებული გათავისუფლდა დარბაზიდან და შემდეგი პროცესი ჩაინიშნა 15 დეკემბერს". – ამბობს ალექსანდრე კობაიძემ.

5 დეკემბერს პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობასთან არსებულ რკინის კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთება და ასევე საბჭოთა სიმბოლიკის დამაგრება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.

კომენტარები