არჩევნები 2020

რიჟვაძე: ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ბუშტების გაბერვა ვირუსის გავრცელებას ეხმარება

"სხვათა შორის, ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ, მათ შორის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირბადეს არ იკეთებენ და წესებს არ იცავენ, ბუშტების გაბერვა ეპიდემიოლოგიურად ვირუსის გავრცელებას ეხმარება". – ასე პასუხობს კითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, თუ რამდენად მართებულია, როდესაც პოლიცია აქტივისტებისთვის ბუშტების წართმევითა და მათი გახეთქვითაა დაკავებული.

ცნობისთვის, გუშინ 2 დეკემბერს, ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე მომიტინგეებმა ბოძზე ბუშტები დაამაგრეს სხვადასხვა წარწერით. პოლიციამ კი ბუშტები მაშინვე ჩამოხსნა და დახეთქარამაც მცირე დაპირისპირება გამოიწვია პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის. პირველ დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, "დაპირისპირება დაიწყო იმით, რომ აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობას მიამაგრეს ბურთები".

ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. ისინი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

კომენტარები