კორონავირუსი საქართველოში

როგორ უნდა გაიკეთოთ ანტიგენზე სწრაფი ტესტი – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 1 თვეა, ანტიგენზე სწრაფ ტესტებს ხშირად იყენებენ. მისივე თქმით, დაგეგმილია, მომავალში დღეში, საშუალოდ, 20 000-მდე ტესტი ჩატარდეს - მათ შორის იქნება PCR ტესტები და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები.  

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყოველდღიურად, დაახლოებით, 10-12 ათასი PCR ტესტი და 3-3.5 ათასი ანტიგენზე დამყარებული ტესტი ტარდება.  

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ადამიანმა, რომელსაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა) აქვს, საკუთარ პოლიკლინიკას ან სხვა სტაციონარულ დაწესებულებას უნდა მიმართოს. გამყრელიძის თქმით, მათ კლინიკაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ.  

"ამ ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება - სამედიცინო დაწესებულებისთვის და თვითონ მოქალაქისთვის. აუცილებელი აღარ იქნება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. შეიძლება ოჯახის ექიმმა გადაგამისამართოთ ან თვითონ, ე.წ. თვითდინებით მიბრძანდეთ". – ამბობს გამყრელიძე. 

გამყრელიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, სასურველია ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა. მისივე თქმით, თუ პაციენტს სიმპტომები არ აქვს და ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხი დადებითი იქნება, ექიმის გადაწყვეტილებით პასუხი, შესაძლოა, PCR ტესტით გადამოწმდეს. ასევე, PCR ტესტი შეიძლება ჩაუტარდეს იმ პაციენტსაც, რომელსაც სიმპტომები აქვს, თუმცა მისი სწრაფი ტესტი უარყოფითია.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს საქართველოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის ჩატარების უფლება 300-მდე დაწესებულებას აქვს, მისივე ინფორმაციით, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული და ყველა მუნიციპალიტეტში ერთი დაწესებულება მაინც არის, სადაც ამ ტიპის ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

"მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ ფართოდ ისარგებლონ ამ შეთავაზებით. მათთვის კიდევ უფრო მეტად გაიოლდება და ხელმისაწვდომი გახდება ტესტირება". - ამბობს გამყრელიძე. 

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები