კორონავირუსის რუსული ვაქცინა

პუტინის ბრძანებით, მომდევნო კვირიდან მოსახლეობის COVID-19-ის რუსული ვაქცინით აცრა დაიწყება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მომდევნო კვირიდან რუსეთის მოსახლეობის კორონავირუსის რუსული ვაქცინით აცრა დაიწყება. პირველად Sputnik V ვაქცინით ექიმებსა და მასწავლებლებს აცრიან.

"დავიწყოთ ფართომასშტაბიანი პროცესის ორგანიზება, რომ ვაქცინაცია შემდეგი კვირიდან დაიწყოს". – უთხრა პუტინმა ვიცეპრემიერ ტატიანა გოლიკოვას ვიდეოკონფერენციის დროს, რომელსაც რუსეთში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი აქვს ჩაბარებული.

პუტინის თქმით, უკვე მზად არის ან უახლოეს დღეებში იწარმოება Sputnik V ვაქცინის 2 მილიონამდე დოზა. ის ირწმუნება, რომ ეს საკმარისი იქნება, რუს ექიმებსა და მასწავლებლებს აცრები ორ ეტაპად ჩაუტარდეთ.

"მესმის, რომ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ვიცი, რომ ინდუსტრია და ქსელი ძირითადად მზადაა. მოდით, გადავდგათ პირველი ნაბიჯი". – თქვა მან.

პუტინის ბრძანება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი პირველი დასავლური ქვეყანა იქნება, სადაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გამოსაყენებლად დაამტკიცეს და აცრები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსის ვაქცინა დაარეგისტრირეს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მუშაობა და ტესტირება ჯერ დასრულებული არ იყო. ვაქცინის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ის 95%-ით ეფექტიანია. მოგვიანებით რუსეთის კორონავირუსის მეორე ვაქცინაც დარეგისტრირდა. მიუხედავად პუტინის განცხადებებისა, რომ ორივე ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თავად აცრა ამ დრომდე არ გაუკეთებია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან რუსეთში ახალი კორონავირუსი 2 347 401 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 41 053.

კომენტარები