კორონავირუსის რუსული ვაქცინა

ფილიპინების პრეზიდენტი რუსულ ვაქცინას უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ გაიკეთებს

როდრიგო დუტერტე
EPA

ოქტომბერში ფილიპინებში ახალი კორონავირუსის რუსული ვაქცინის ტესტირება დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ მზად იყო პირველს გაეკეთებინა ვაქცინა და ყოფილიყო "საცდელი ზღვის გოჭი", პრეზიდენტის სპიკერის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვაქცინას მისი უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ გაიკეთებს.

პრეზიდენტის სპიკერის განცხადებით, როდრიგო დუტერტესთვის ვაქცინის გაკეთება მაისამდე არ იგეგმება. ვაქცინის კლინიკური გამოცდის პროცესის მესამე ფაზა ფილიპინებში მარტში დამთავრდება.

სექტემბერში ფილიპინები რუსული ვაქცინის ტესტირების პროცესის პირველი და მეორე ფაზის შედეგებს განიხილავს. რის შემდეგაც ვაქცინის ტესტირების მესამე ფაზა რუსეთთან პარალელურ რეჟიმში დაიწყება. 

ფილიპინების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შემქმნელი კვლევითი ინსტიტუტის, Gamaleya-ს ვაქცინის ტესტირების პროტოკოლის განსახილველად შეხვდნენ.

Sputnik V-ის აცრა ორ ეტაპად ტარდება და Gamaleya ირწმუნება, რომ 2 წლის განმავლობაში კორონავირუსზე იმუნიტეტის გარანტიას იძლევა.

RBK ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა 3 000-ზე მეტმა ექიმმა მიიღო. 52%-მა თქვა, რომ ახალ ვაქცინას არ გაიკეთებს. მათი ნაწილი მიზეზად ასახელებს ინფორმაციის ნაკლებობას, რაც მის ეფექტურობას დაადასტურებდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვაქცინა ზედმეტად სწრაფად დაამზადეს. იმ ექიმების 20%, რომლებმაც ვაქცინის უსაფრთხოებაში და ეფექტურობაში ეჭვი შეიტანეს, ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, აცრის გაკეთება ურჩიეს პაციენტებს, მეგობრებს და კოლეგებს. 3 000-ზე მეტი ექიმიდან მხოლოდ 24.5% ამბობს, რომ სურვილი აქვს აიცრას.

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია.

Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ფილიპინებში ყველაზე მძიმე ეპიდმდგომარეობაა. ქვეყანაში COVID-19-ის 164 474 შემთხვევა აღირიცხა. ვირუსს ემსხვერპლა  2 681 ადამიანი.

17 აგვისტოდან ფილიპინები იაპონური ანტივირუსული წამლის Anivag-ის კლინიკურ გამოცდას დაიწყებს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა.

კომენტარები