წყალტუბო

შსს-ს ამბროლაურის სამმართველოს უფროსის მოადგილე ავტომობილს შეეჯახა – გარდაიცვალა 1, დაშავდა 4

შსს

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია. ავტოავარია მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია. მსუბუქ ავტომობილს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა.

უწყების ცნობით გამოძიებით დგინდება, რომ 28 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ტოიოტა ჰაილუქსის მოდელის ავტომანქანა, რომელსაც ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ფორდ ტრანზიტ-ის მარკის მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფორდ ტრანზიტის მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, ტოიოტა ჰაილუქსი-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა ტოიოტა ჰაილუქსი-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. 

კომენტარები