აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ბოკერია: აბაშიძე-კარასინის ფორმატი ეროვნული ინტერესების დაზიანების ინსტრუმენტია

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანების ინსტრუმენტია.

"ეს ფორმატი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების ინსტრუმენტად იქცა. არის ვითომ წარმოჩენა ვითარების, რომ რაღაც ნორმალურ კალაპოტშია და თან ვართ ფორმატში, სადაც არ არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამ ტიპის ფორმატი, ამ შინაარსით და ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, გრძელვადიანი ზიანია". - ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში. 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის." თუმცა ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა და "ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია".  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნეს შემდეგი:

"იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს ორმხრივი ურთიერთოებების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ".

დღეს, 28 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა, ხატია დეკანოიძემ და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შენობებთან ნამგალი და ურო დახატეს. ელენე ხოშტარის თქმით, აბაშიძემ, კარასინთან ერთან, პრაქტიკულად, დაგმო 20 ივნისის მოვლენები. 

აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ორივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები