შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული თ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - მეტადონი ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად, ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთასა და სკუტერს იყენებდა, რისი საშუალებითაც გადაადგილდებოდა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.