კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ალბათ, შევცდი, რომ გაზაფხულის აკრძალვების შენარჩუნება კატეგორიულად არ მოვითხოვე

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ზაფხულში შეზღუდვებთან დაკავშირებული "ლიბერალური მიდგომა" შეცდომა იყო. ტიკარაძის თქმით, ინფიცირების ზრდა იმის შედეგია, რომ "არ ვიყავით მეტად უფრო რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით".

რუსთავი 2-ის კითხვაზე, ვისი შეცდომა იყო "ლიბერალური მიდგომა", ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ მისიც.

"მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეცდომაც იყო, ვინაიდან, ალბათ, არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული იმ აკრძალვების შენარჩუნებაზე, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე". – ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა. მაშინ ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 48 იყო. იმავე დღეს, საქართველოს მთავრობამ საჰაერო მიმოსვლა მთლიანად აკრძალა - ემიგრანტების ჩამოსაყვანად თვეში რამდენიმე სპეცრეისის შესრულების უფლება მხოლოდ აირზენას მიეცა. ჯამში 108 შემთხვევაზე კი, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა - გაჩერდა ტრანსპორტი და ამოქმედდა კომენდანტის საათი.

ეკონომიკა ჩაკეტილი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო, ხოლო საზღვრები, იმის მიუხედავად, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა - ფაქტობრივად, მთელი ტურისტული სეზონის პერიოდში არც გახსნილა. მთავრობამ აგვისტოდან რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ სამ ავიაკომპანიას მისცა, საზღვრები კი, უპირობოდ გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს გაუხსნა. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ.

კომენტარები