ეთიოპია

ეთიოპიის ტიგრაის რეგიონის ლიდერმა აბი აჰმედის მიერ წაყენებული ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა

აბი აჰმედი

ეთიოპიის ტიგრაის რეგიონის ლიდერმა პრემიერმინისტრ აბი აჰმედის მიერ წაყენებული ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა. აჰმედი რეგიონის ლიდერებისგან 72 საათის განმავლობაში ჩაბარებას ითხოვდა. ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტის ლიდერმა, დებრეციონ გებრემიქაელმა კი თქვა, რომ დანებებას არ აპირებენ და მისი ხალხი სიკვდილისათვის მზადაა.

ეთიოპიის ცენტრალურმა მთავრობამ ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია 4 ნოემბერს დაიწყო. მათ მთავრობის დესტაბილიზაციაში და ფედერალურ სამხედრო ძალებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ფედერალურ არმიაში ამბობენ, რომ მათი ძალები რეგიონის ცენტრალური ქალაქიდან, მეკელედან 37 კილომეტრშია განლაგებული და ქალაქს, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დაბომბვით ემუქრებიან. ასევე, საუბარია ტანკებით იერიშის მიტანაზე. არმია ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია. საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ქალაქის სამიზნედ ქცევა უკანონოა და კოლექტიური დასჯის ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.

ტიგრაის რეგიონის ადმინისტრაცია აბი აჰმედის მთავრობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება აბი აჰმედის მთავრობამ მეზობელი ქვეყნის, ერიტრეის ძალებთან ერთად დაიწყო. დებრეციონ გებრემიქაელმა თქვა, რომ ულტიმატუმის წაყენებით აბი აჰმედი ცდილობს, დამალოს მარცხი, რაც სამხედრო კამპანიის შემდეგ რეგიონში იწვნიეს.

"მას არ ესმის ვინ ვართ. ჩვენ პრინციპების ხალხი ვართ და მზად ვართ რეგიონის მართვის ჩვენი უფლებისათვის დავიხოცოთ". – თქვა მან.

ტიგრაის ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთლიანად გაანადგურეს ფედერალური ძალების 21-ე დივიზია. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება. ფედერალური მთავრობა კომენტარს არ აკეთებს, ადგილზე კი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეზღუდულია. გარდა ამისა, რეგიონში გათიშულია კომუნიკაციის ხაზები. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, თუ რამხელაა მსხვერპლი კონფლიქტის გამწვავების შემდეგ. საუბარია ასეულობით დაღუპულ ადამიანზე. საცხოვრებლის მიტოვება უკვე მოუხდა 40 000-მდე ადამიანს. მათ თავი მეზობელ სუდანს შეაფარეს.

აშშ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება. მსგავსი განცხადება გააკეთეს და მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზეს მხარეებს აფრიკის კავშირმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაზეც აბი აჰმედის მთავრობამ უარი განაცხადა.

24 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭო ტიგრაის რეგიონში კონფლიქტზე პირველ შეხვედრას გამართავს.

წაიკითხეთ ვრცლად ეთიოპიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე სტატიაში - მორიგი ნობელიატი ეთნიკური კონფლიქტის შუაგულში - ეთიოპია სამოქალაქო ომის ზღვარზე

კომენტარები