ეთიოპია

მორიგი ნობელიატი ეთნიკური კონფლიქტის შუაგულში - ეთიოპია სამოქალაქო ომის ზღვარზე

ეთიოპია

მორიგი ნობელიატი ეთნიკური კონფლიქტის შუაგულში - ეთიოპია სამოქალაქო ომის ზღვარზე

3 წლის წინ მიანმარის რაკჰაინის რეგიონში განვითარებული მოვლენები გაერომ როჰინჯა მუსლიმების გენოციდად შეაფასა. სისხლიანი კონფლიქტის მიმდინარეობისას ყურადღების ცენტრში მშვიდობის დარგში ნობელის ლაურეატი, აუნ სან სუ ჩი აღმოჩნდა, რომლის მთავრობასაც საერთაშორისო საზოგადოება ეთნიკური წმენდის დროს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

ამჯერად ეთნიკური კონფლიქტის შუაგულში კიდევ ერთი ნობელიატი, ეთიოპიის პრემიერმინისტრი აბი აჰმედია. მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2019 წელს მეზობელ ერიტრეასთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების გამო მიიღო, თუმცა ერთი წლის შემდეგ სწორედ აჰმედი და მისი პოლიტიკა გახდა ეთიოპიის სამოქალაქო ომის ზღვრამდე მიყვანის მიზეზი.

აბი აჰმედი იღებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში

იმისათვის, რომ ტიგრაის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების მიზეზები ავხსნათ, საჭიროა,  ქვეყნის უახლოეს ისტორიას გადავხედოთ. 1974 წლამდე ეთიოპია მონარქიული იყო, რაც საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილმა კომუნისტურმა მთავრობამ სამხედრო გადატრიალებით დაასრულა. ისინი ქვეყანას 1991 წლამდე მართავდნენ. ამ პერიოდში წითელ ტერორს ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა. განსაკუთრებული სისასტიკით იბომბებოდა ტიგრაის რეგიონი.

ეთიოპიის დიქტატორი მენგისთუ ჰაილე მარიამი და ფიდელ კასტრო
ფოტო: BBC

საბოლოოდ ხუნტა ეთიოპიელი ხალხის რევოლუციურმა დემოკრატიულმა ფრონტმა (EPRDF) დაამხო. მასში შედიოდა ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტი, ამჰარას დემოკრატიული პარტია, ორომოს დემოკრატიული პარტია და სამხრეთ ეთიოპიის ხალხთა დემოკრატიული მოძრაობა. მომდევნო წლებში მთავრობა დატოვა ორომოს გათავისუფლების ფრონტმა და სამხრეთ ეთიოპიის დემოკრატიულმა კოალიციამ. შედეგად ხელისუფლებაში დარჩა ძალა, სადაც არაპროპორციულად მაღალი წარმომადგენლობა ჰქონდა ტიგრაის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.

2012 წლის აღწერით ეთიოპიაში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი ორომოა. ისინი მოსახლეობის 34.6%-ს შეადგენენ, შემდეგ მოდის ამჰარა (27.1%), სომალი (6.1%) და ტიგრაი (6.1%).

1995 წელს ქვეყნის პრემიერმინისტრი,  ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) ლიდერი, მელეს ზენავი გახდა. ის ამ პოსტზე 2012 წლამდე, სიკვდილამდე დარჩა. მისი მმართველობის პერიოდში ეთიოპიის ეკონომიკა აფრიკის კონტინენტზე ყველაზე სწრაფად მზარდი გახდა. მელეს ზენავის მმართველობის ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა 10%-იანი გახდა და მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც ნარჩუნდებოდა. სწორედ ზენავის მმართველობის პერიოდში გამწვავდა და ომში გადაიზარდა სასაზღვრო დავა ერიტრეასთან. ომი 1998 წლიდან 2000 წლამდე გაგრძელდა და შეიწირა 100 000-მდე ადამიანი.

მელეს ზენავი

გაეროს ერიტრეა-ეთიოპიის სასაზღვრო კომისიამ დაადგინა, რომ კონფლიქტის შემდეგ ეთიოპიას ოკუპირებული ჰქონდა ქალაქი ბადმე და მისი მიმდებარე ტერიტორია. დასკვნას არ იზიარებდა TPLF-ის მთავრობა. სწორედ ტიგრაის რეგიონი ესაზღვრება ერიტრეას და შესაბამისად, მათ კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს პროცესი მხოლოდ 2018 წელს მთავრობის შეცვლას მოჰყვა. სწორედ ახალი პრემიერმინისტრი აბი აჰმედი დათანხმდა სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებას, რასაც ნობელის პრემიის გარდა ტიგრაის რეგიონში უკმაყოფილების გაზრდა მოჰყვა.

მთავრობის შეცვლის მიზეზი 2016 წლის მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო. აქციები მოჰყვა სპეციალური ზონის სტატუსის მქონე დედაქალაქ ადის აბებას გაფართოების გეგმას, რომელიც ორომიას რეგიონის ტერიტორიებსაც მოიცავდა. მოგვიანებით აქციები ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციებზე დაიღუპა ასობით ადამიანი. 2018 წელს პრემიერმინისტრმა ჰაილმარიამ დესალენმა თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ სურდა გზა გაეთავისუფლებინა რეფორმებისათვის. ეთიოპიის თანამედროვე ისტორიაში ის პირველი ლიდერი იყო, რომელმაც თანამდებობა თავად დატოვა. მანამდე ყველა ლიდერმა პოსტზე სამსახური გარდაცვალების ან გადატრიალების შედეგად დაასრულა.

ჰაილმარიამ დესალენი

ყოფილმა მმართველმა ელიტამ, რომელსაც ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში ადანაშაულებენ, ტიგრაის რეგიონში გადაინაცვლა. აბი აჰმედმა გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, ხელმისაწვდომი გახადა მანამდე დაბლოკილი ვებ-გვერდები და პირობა დადო, სამართლიანი არჩევნები ჩატარდებოდა და ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები გატარდებოდა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში გრძელდებოდა დაპირისპირება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. 2017 წელს ორომოსა და სომალის შორის დაპირისპირების შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუხდა 400 000 ადამიანს. 2018 წელს კი ქვეყნის სამხრეთში გედეოსა და ორომოს შორის დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებული გახდა 1.4 მილიონი ადამიანი. 

ეთნიკურ უმცირესობათა ნაწილი ეთნიკური დაპირისპირების გამწვავებაში აბი აჰმედს ადანაშაულებს, რომელიც ეთნიკურად ორომოს ჯგუფს ეკუთვნის. მათ მიაჩნიათ, რომ დაპირისპირება სწორედ აჰმედის მიერ წინა მთავრობის დროს აკრძალული ჯგუფების, მათ შორის ორომოს განმათავისუფლებელი ფრონტის დაშვებამ გაამწვავა. 

მოქმედმა პრემიერმინისტრმა იმ ძალის (ორომოს ახალგაზრდული მოძრაობა)  მხარდაჭერა მას შემდეგ დაკარგა, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოიყვანა, რაც ორომოს საპროტესტო აქციები ჩაახშო და 10 000-მდე ადამიანი დააპატიმრა. რამდენიმე კვირის წინ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელიც თავს ორომოს გამათავისუფლებელ არმიას უწოდებს,  ამჰარას ეთნიკური ჯგუფით დასახლებულ სოფელში 50-ზე მეტი ადამიანი მოკლა.

ეთიოპიაში მთავრობის მრავალდონიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც ფედერალური მთავრობის, ეთნიკური ნიშნით განსაზღვრული შტატების, ზონების, ოლქებისა და კებელების (სამეზობლოები) ადმინისტრაციებისაგან შედეგება. ქვეყანა 10 პოლიტიკურად ავტონომიურ შტატად არის დაყოფილი. კონსტიტუცია შტატებს თვითგამორკვევის უფლებას აძლევს. აბი აჰმედი ამ სისტემის გაუქმების მომხრეა. მას ამ მისაწრაფებაში მხარს, ძირითადად,  ამჰარას პოლიტიკური ელიტა უჭერს, რომელთაც ფედერალური სისტემის გაუქმება და უნიტარული წყობის ჩამოყალიბება სურთ. აღსანიშნავია, რომ ამჰარას რეგიონს სასაზღვრო დავა აქვს ტიგრაის რეგიონთან.

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაპირებული არჩევნები გადაიდო. ეთიოპიის მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ეს მათი სურვილი არ იყო და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ მოითხოვა, თუმცა ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნების გადადება მოქმედი ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რადგან აბი აჰმედმა ახალი, კეთილდღეობის პარტია ჩამოაყალიბა, რომელსაც საკმარისი მხარდაჭერა, ჯერჯერობით, არ აქვს და ცდილობს არჩევნებამდე ჩამოიშოროს კონკურენტი პარტიები.



ფოტო: AP

არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა ტიგრაის რეგიონის მმართველი პარტია, ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტი. მათ ადგილობრივი არჩევნები 9 სექტემბერს ჩაატარეს, რამაც რეგიონსა და ცენტრალურ მთავრობებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

4 ნოემბერს აბი აჰმედის მთავრობამ რეგიონში სამხედრო მოქმედებები დაიწყო და მიზეზად იქ განთავსებულ სამხედრო დანაყოფებზე განხორციელებული თავდასხმა დაასახელა. ტიგრაის ლიდერები კი ამბობენ, რომ თავდასხმა ცენტრალურმა მთავრობამ მეზობელ ერიტრეასთან ერთად დაიწყო. ადგილზე ჟურნალისტებისა და ციფრული კავშირის წვდომის შეზღუდვის გამო რთულია მათი განცხადებების გადამოწმება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა, რომელშიც უკვე ჩათრეულია გარეშე ძალები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტიგრაის რეგიონში კლავენ ამჰარას ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიან მოქალაქეებს, დედაქალაქ ადის აბებაში კი მასობრივად აკავებენ ტიგრაის ეთნოსის წარმომადგენლებს.

Amnesty International-მა გაავრცელა ინფორმაცია ტიგრაის რეგიონში მასობრივი მკვლელობების შესახებ, გაეროს წარმომადგენლები კი კონფლიქტის დროს შესაძლო ომის დანაშაულებების ნიშნებზე საუბრობენ.

მთავრობას ადანაშაულებენ ტიგრაის რეგიონისთვის კომუნიკაციის საშუალებების,  ელექტროენერგიის გათიშვაში და ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვაში, რასაც ისინი უარყოფენ და თავის მხრივ ადგილობრივ მთავრობას ადანაშაულებენ.

აბი აჰმედმა განაცხადა, რომ სამხედრო ინტერვენციის მიზანია, რეგიონზე ფედერალური მთავრობის კონტროლი დაამყაროს, რასაც გაართულებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტიგრაის პოლიტიკურმა ელიტამ დიდი ოდენობის შეიარაღება მოიმარაგა.

15 ნოემბერს ტიგრაის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ერიტრეაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რაკეტები ჩამოვარდა დედაქალაქ ასმერას აეროპორტთან ახლოს. მათ განაცხადეს, რომ ამ აეროპორტს მათზე თავდასხმისათვის ეთიოპიის მთავრობის ძალები იყენებენ. მანამდე ტიგრაის რეგიონიდან გასროლილი რაკეტები ჩამოვარდა ამჰარას რეგიონის ორი აეროპორტის ტერიტორიაზეც.

კონფლიქტმა უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი. ასობით ათას ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა. 25 000 ადამიანი უკვე გადავიდა მეზობელ სუდანში თავშესაფრის საძიებლად, სადაც ისინი ლტოლვილთა ბანაკებში მძიმე პირობებში ცხოვრობენ.

აბი აჰმედი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტის სრული განიარაღება. პარალელურად, მან ტიგრაის რეგიონის ახალი ლიდერი დანიშნა. 17 ნოემბერს აბი აჰმედმა განაცხადა, რომ ამბოხებულთათვის ჩაბარებისთვის მიცემული 3-დღიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ამას, სავარაუდოდ, რეგიონის ცენტრალურ ქალაქზე სამხედრო შეტევა მოჰყვება.

აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქვეყანა, ეთიოპია წარსულში არაერთხელ დამდგარა შიმშილისა და ჰუმანიტარული კრიზისის პრობლემის წინაშე. 1983-85 წლებში ქვეყანაში შიმშილით მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. 2011 წელს ზედიზედ ორი წვიმიანი სეზონის ჩავარდნის შედეგად, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვა დადგა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა. გვალვა გამეორდა 2015 წელსაც. შექმნილმა მდგომარეობამ  მთავრობის შეცვლაში დიდი როლი ითამაშა. ამჯერად ეკონომიკურ კრიზისს კორონავირუსის პანდემია ამწვავებს. ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ემუქრებიან ან აკავებენ.

აღსანიშნავია, რომ ეთიოპიას შეუმცირდა საგარეო დახმარებაც. მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მ ქვეყნისათვის გამოყოფილი დახმარების ნაწილი შეაჩერა ნილოსზე კაშხლის მშენებლობის პროექტის გამო, რასაც ეგვიპტე და სუდანი ეწინააღმდეგებიან.



ფოტო: BBC

რეგიონის ექსპერტები მიმდინარე კონფლიქტის გახანგრძლივებისა და გამწვავების შემთხვევაში საფრთხეს ხედავენ,  არამხოლოდ ეთიოპიის შიგნით მდგომარეობისა და ერთიანი ქვეყნის შენარჩუნების მხრივ, არამედ რეგიონის უსაფრთხოების კიდევ უფრო დესტაბილიზაციის კუთხით. ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვამ შესაძლოა საშუალება მისცეს სომალში მოქმედ ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფება ალ-შაბაბს მოქმედების არეალი გააფართოვოს.

ერიტრეის, ჯიბუტისა და კენიის გარდა ეთიოპიას სუდანი, სამხრეთ სუდანი და სომალი ესაზღვრება, სადაც, თავის მხრივ შიდა კონფლიქტი და ჰუმანიტარული კრიზისია. კონკრეტულად ტიგრაის რეგიონში 100 000-მდე იძულებით გადაადგილებული ეთიოპიელი და 96 000-მდე ერიტრეელი თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს. რეგონში 600 000-ზე მეტი ადამიანი ჰუმანიტრულ დახმარებაზეა დამოკიდებული, რომლის მიწოდება ბლოკადის გამო ვერ ხერხდება. თავად რეგიონის შიგნით მოქმედი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კომუნიკაციის საშუალებების გათიშვა მათ მუშაობას ურთულებს.

სიმბოლურია, რომ 2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა, რომელიც აქტიურად მუშაობს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისგან დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საკვებით მომარაგებაზე.

კომენტარები