ბენ ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი: საქართველოს უნდა გავუგზავნოთ მიწვევა ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისათვის

ბენ ჰოჯესი
Stripes.com

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი euobserver-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ სამხრეთ კავკასიაში უფრო დიდი კონფლიქტების შესაჩერებლად დასავლეთის ჩართულობა არის საჭირო.

წერილი მთიანი ყარაბაღის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. ის აღნიშნავს, რომ თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ რუსეთს შეიარაღებული ძალები ეყოლება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში - საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში სამხედრო ბაზებზე და ახლა უკვე აზერბაიჯანშიც.

"ამ დროს, აშშ საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა. მინსკის ჯგუფში პროფესიონალი დიპლომატები 1993 წლიდან აქტიურად მუშაობდნენ კონფლიქტის გადასაჭრელად, მაგრამ აშშ-სა და საფრანგეთის მთავრობებმა, დანარჩენ ევროპასთან ერთად, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები გამოტოვეს. ამის ფასს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იხდის. მათი მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უფრო ფართოდ სამხრეთ კავკასიის საკითხს, რომელიც დიდი ხანია დასავლეთის უმეტესმა ნაწილმა მიატოვა. ჩვენ ახლა დიდი ძალების მეტოქეობის პერიოდში ვართ და მჯერა, რომ კონკურენცია დიდი ძალების კონფლიქტს გვარიდებს. იმის ჩვენებით, რომ დაინტერესებული ვართ რეგიონით, ან ადგილით, ან მოვლენით, ჩვენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ვუგზავნით სიგნალს, რომ ეს გვადარდებს, ამაში რესურსებს ვდებთ და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს დავიცავთ. ეს გვეხმარება კონფლიქტის თავიდან არიდებაში, რადგან პოტენციური მოწინააღმდეგის მიერ ჩვენი ინტერესების თაობაზე არასწორი გათვლების რისკს ამცირებს. კონკურენციამ უნდა მოიცვას ყველა სფერო: დიპლომატია, ინფორმაცია, სამხედრო და ეკონომიკური". - წერს ის.

ბენ ჰოჯესის აზრით, დასავლეთს ჩავარდნა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში კონკურენციის გაწევაში და სწორედ ამან გამოიწვია კონფლიქტის ხელახლა გაჩაღება, ვინაიდან ინიციატივა კრემლს დაუთმეს.

მას მიაჩნია, რომ დასავლეთმა საერთაშორისო კანონების დასაცავად უფრო ახლოს უნდა ითანამშრომლოს კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან და შექმნას ხანგრძლივი მშვიდობისათვის აუცილებელი პირობები დიპლომატიური გზით და ასევე ეკონომიკური დახმარებისა და კერძო ინვესტიციების ხელშეწყობის უზრუნველყოფით. ამისათვის, ჰოჯესის აზრით, დასავლეთმა თურქეთთან უნდა ითანამშრომლოს, რათა განაახლოს და გააუმჯობესოს დაძაბული ურთიერთობები.

ამ ყველაფრისთვის მას აუცილებლად მიაჩნია საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება.

"შევქმნათ უფრო ძლიერი ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, გავაძლიეროთ ალიანსი თურქეთთან, გავზარდოთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის შევქმნათ ინფრასტრუქტურა აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მიწვევა ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისათვის. ეს ზომები კრემლს აჩვენებს, რომ ეს რეგიონი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში შედის. დასავლეთი უნდა შევიდეს კონკურენციაში სამხრეთ კავკასიაში, სანამ კვლავ გვაქვს ამის შესაძლებლობა, თუ გვსურს თავიდან ავირიდოთ დიდი ძალების კონფლიქტი". - წერს ჰოჯესი.

ამავე თემაზე:

ჰოჯესი: მსურს საქართველოში აშშ-ს ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით, როტაციული ძალების

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით

კომენტარები