დავითგარეჯის საქმე

მელაშვილისა და ილიჩოვას ადვოკატები ზურაბიშვილისა და ივანიშვილის გამოკითხვას მოითხოვენ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები საქმეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უშუალოდ იყო ჩართული დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში. და მიუხედავად მათი დღევანდელი თუ წარსული სტატუსისა, გამოძიებამ ისინი საქმეზე უნდა გამოჰკითხოს.

"რაც შეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, ეს ადამიანები უშუალოდ იყვნენ ჩართულები დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში. განსაკუთრებით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის, იმ სადავო პერიოდის განმავლობაში, იყო საგარეო საქმეთა მინისტრიც და მას ექვემდებარებოდა ეს კომისია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ამ კომისიასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი თანხმდებოდა მასთან პირადად.

შესაბამისად, ეს ადამიანი და ის ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ის ფლობდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დაცვის მხარისთვის. მიუხედავად მათი დღევანდელი თუ წარსული სტატუსისა, ეს ადამიანები უნდა გამოიკითხონ ამ საქმეზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც". – თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი 2004 წლის 18 მარტიდან 2005 წლის 19 ოქტომბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები