სპეცოპერაცია წერეთელზე

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის ადვოკატი: მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ჰქონდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსოზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ის შეიარაღებული არ ყოფილა და ხელში ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ეჭირა. 

მათივე თქმით, თავმდამსხმელს ჰქონდა სპორტული პისტოლეტი, რომელიც მხოლოდ ხმას გამოსცემს. 

"როგორც ის ამბობს, აქცია-პერფორმანსით პროტესტი გამოხატა აზარტული თამაშების წინააღმდეგ. არანაირი შეიარაღება მას არ ჰქონია, ჰქონდა მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის მსგავსი სანთებელა და პისტოლეტი, ე.წ. სტარტოვკა, სპორტული პისტოლეტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი არ არის და გამოსცემს მხოლოდ ხმას".- ამბობს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა. 

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ლევან ზურაბიშვილს მძევლებისთვის არაფერი დაუშავებია. 

"ამ ადამიანმა, როგორც შეძლო, იმ ფორმით გამოხატა პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ. ის რომ რომელიმე ტელევიზიაში მისულიყო ან ქუჩაში ამ თემებზე ეყვირა, არავინ მიაქცევდა ყურადღებას. ეს მისი პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო. ჩვენ ვხედავდით რომ ის მძევლებს არაფერს არ აიძულებდა და არც ცუდად ექცეოდა. ვნახოთ, რას მოგცემს საქმეში არსებული მტკიცებულებები".- ამბობს ჭკადუა რუსთავი 2-თან საუბარში. 

20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები