სპეცოპერაცია წერეთელზე

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსოზე თავდასხმასა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ლევან ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა.

დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში ერთი პირი შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თუმცა, ექსპერტიზის ცნობით, ბრალდებულს ხელში ნამდვილი ხელყუმბარა არ ჰქონია. 

კომენტარები