სომხეთი

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა პრემიერმინისტრ ფაშინიანზე თავდასხმა თავიდან აიცილა

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობა თავიდან აიცილეს. ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, მოქალაქე ა.მ, რომელსაც ჰქონდა "ანტისამთავრობო შეხედულებები და არ ეთანხმებოდა პრემიერმინისტრის საგარეო და საშინაო პოლიტიკას" ფლობდა დიდი რაოდენობით იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებას. უწყების თანახმად, ეს ადამიანი ანტისამთავრობო შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებს მოელაპარაკა პრემიერმინისტრის სიცოცხლის ხელყოფისა და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაციის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე.

მოქალაქე ა.მ.-ს გარდა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს პარტია სამშობლოს ლიდერი და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, ყოფილი დეპუტატი და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ვაგრამ ბაგდასარიანი და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრი ა.ა.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად ჩხრეკის შედეგად იპოვეს დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის ტყვიამფრქვევები, სნაიპერის შაშხანები, ტყვიები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონატორები.

ერევანში უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქციები. მთიანი ყარაბაღის შეთანხმებისთვის ხელის მოწერის გამო ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

სომხეთის მიერ განცხადების ხელმოწერას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 10 ნოემბერს მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

11 ნოემბერს ერევანში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები. პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისათვის დრო შუაღამემდე მისცეს, თუმცა მან ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები