ბელარუსი

მინსკში აქციას არბევენ, დაკავებულია ათეულობით მომიტინგე [VIDEO]

მინსკში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. 15 ნოემბერს ბელარუსში პოლიციამ ათეულობით მომიტინგე დააკავა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მომიტინგეები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში არიან შეკრებილები და სამართალდამცავები აქციებს არბევენ.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები გამოიყენა. Reuters წერს, რომ თვითმხილველის თქმით, პოლიციამ რეზნის ტყვიებიც გამოიყენა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციაზე დარბევის შედეგად არიან დაჭრილები.

ქალაქში მობილური ინტერნეტი დაახშეს

აქციების გააქტიურება 31 წლის მომიტინგის, ყოფილი ჯარისკაცის, რომან ბონდარენკოს, სიკვდილს მოჰყვა. აქტივისტები ამბობენ, რომ ის 12 ნოემბერს საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც უშიშროების ძალების წევრებმა სასტიკად სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას უარყოფს. მომხდარის გამო ევროკავშირი დამატებითი სანქციების დაწესებით იმუქრება.

საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ბელარუსის ცესკო-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. რამდენიმეთვიანი პროტესტის განმავლობაში დააპატიმრეს 13 000-ზე მეტი ადამიანი. შედარებით მასობრივი დემონსტრაციები ყოველ კვირადღეს იმართება.

კომენტარები