არჩევნები 2020

საია: იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ კითხვებს უპასუხოს, ხალხს პოლიციის პირისპირ დგომა უწევს

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციას განცხადებით ეხმაურება. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"საია შეშფოთებით აკვირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდება.

საია განმარტავს, რომ:

სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. პოლიცია უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი;

გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ.

საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. კრიზისების მართვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის ძიება და საზოგადოებაზე ზრუნვა პოლიტიკოსების მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლებას კი ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება". - წერია საიას განცხადებაში. 

ამ დროისთვის ცესკოს შენობასთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მანამდე, სანამ აქციას ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტთა უმრავლესობა შეუერთდებოდა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა. მათ აქტივისტები არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და მათთვის არც დაშლისკენ მოუწოდებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენება "გადაუდებელი აუცილებლობა" იყო. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი - როგორც კადრებში ჩანს, მას თვალი დაუზიანდა.

ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ სპეცრაზზმმა აირიც გამოიყენა - თუმცა ამას შსს არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს.

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები