დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის შეფასებით, ქვეყანაში "ცუდი" ეპიდსიტუაციაა. მისი თქმით, თუ ყველა არ გამოიყენებს პირბადეს და არ დაიცავს დისტანციას, კორონას ვერაფერი გააჩერებს.
"დღეს არის მართლა ის მომენტი, როცა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ეს პრობლემა არის მთელ დედამიწაზე, არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს, რომ პირბადით ვივლით ყველგან და დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას.
და ის ტრაგიკული შემთხვევებიც, რაც ახლა თითო-ოროლაა, საწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება, იმიტომ, რომ კორონის წინააღმდეგ არაფერი მოუგონია კაცობრიობას გარდა ნიღბისა და დისტანციისა.
თუ ამას დავიცავთ, კორონა გავრცელდება, იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს" - თქვა იმნაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.
6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.





