არჩევნები 2020

მელია: დედაჩემი სულ ეწინააღმდეგებოდა ჩემს პოლიტიკოსობას, დილით მომწერა – ბრძოლა ბოლომდე!

ერთი ამბავი მინდა, რომ მოგიყვეთ. დღიდან პოლიტიკაში ჩართვისა, 2014 წელს ჩავერთე, არცერთი წუთით დედაჩემი, მშობელი დედა, არ მიესალმებოდა ჩემს ამ გადადგმულ ნაბიჯს. არცერთი წუთით. მეტიც, სულ საყვედურს მაძლევდა, "რა გინდოდა". ჯერ მეუბნებოდა, რა გინდოდა საერთოდ პარტიაში, პოლიტიკაში და ეს გრძელდებოდა უკანასკნელ ხანამდე. ალბათ, უფრო განპირობებული იყო ნერვიულობით. მაგრამ დღეს დილით მესიჯი მივიღე დედაჩემისგან, ქალისგან, რომელიც 6 წლის განმავლობაში პრაქტიკულად მებრძოდა, რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში. მესიჯში ეწერა: "ბრძოლა ბოლომდე!". 

ასე რომ, ამით ყველაფერი ნათქვამია ჩემ მიერ. შეუძლებელია, ამაყი, ვაჟკაცი, პატრიოტი ხალხი დაჩაგრო ერთ კონკრეტულ დღეს, ორ კონკრეტულ დღეს, სამ კონკრეტულ დღეს. ომი გამართა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია, ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ, ხაზს ვუსვამ – უახლოეს დღეებში. აქ უკან დახევა აღარ შეიძლება. აქ უკან დახევა ღალატია და ამ ღალატს ჩვენ არ ჩავიდენთ. ამ მოღალატეობრივ აქტს არ განვახორციელებთ. უამრავი თაობა მდგარა ამ მოედანზე და ყველას გაუმარჯვია ყველა ეტაპზე და ჩვენც გავიმარჯვებთ. შეუძლებელია სხვაგვარი შედეგი, უბრალოდ, ისტორიის მიერ არის აკრძალული. 

ძალიან მშვიდი ვარ, ძალიან მტკიცე ვარ, როგორც არასოდეს, ძლიერი ვარ, განსაკუთრებით, დედაჩემის გზავნილის შემდეგ. 

მე ჩემს შვილს, სანდრო მელიას თვალებში ვერ ჩავხედავ. არ მინდა ამ დამცირების, ამ მუქარების შემდეგ, რაც გუშინ იკადრა ოლიგარქმა. სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, მე ჩემს შვილს თვალებში ვერ ჩავხედავ, გამორიცხულია!

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები