არჩევნები 2020

მელია: მოგმართავთ მხარდამჭერებს, მოდით გლდანის შტაბში, მშვიდობიანად დავიცვათ ხმები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, გლდანის საარჩევნო უბანთან არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და ამიტომ კრიმინალების მობილიზება მოახდინა.

მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, გამოცხადდნენ გლდანის ცენტრალურ შტაბთან, რომ ხმები დაიცვან. 

"იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და ვინმე დათო კვიჟინაძემ, კახა კალაძის ბავშვობის მეგობარმა, დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს იარაღი. ამ დროს პოლიციამ დააკავა ჩემი შტაბის წევრი და არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. 

წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული. როგორც ვატყობ, არა მარტო გლდანის რაიონში. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს ვიცავთ, ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები. 

მივმართავ მხარდამჭერებს ამ ქვეყნისა, არა ჩემს მხარდამჭერებს ან ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის ხმებს სჭირდება დაცვა და გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რომ რამდენიმე საათში გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები". - ამბობს მელია. 

გლდანში საარჩევნო უბნებთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. უბნებთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.79-ე უბანთან პუბლიკასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, ენმ-ძალა ერთობაშიას სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები