არჩევნები 2020

რა მოხდება, თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტაბულა პოლიტიკური ლიდერების წერილების სერიას გთავაზობთ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, წერილში ეპასუხათ, რა მოხდება, თუ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში.

რა მოხდება, თუ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში:

გაგრძელდება სასამართლოს რეფორმა – გვექნება 7 ან 8 ახალი ტალღა, მაგრამ შედეგი არ შეიცვლება, მურუსიძე–ჩინჩალაძის კლანი უვადოდ დარჩება სასამართლოში;

გაგრძელდება ეკონომიკური ვარდნა, უცხოური ინვესტიციები ისევ შემცირდება და ამ ფონზე გაიზრდება სიღარიბე;

რომელიმე პრემიერს ისევ მოხსნიან იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში ბავშვთა შიმშილი და სიღარიბე იმატებს;

მმართველის გარეშე დატოვებულ ჯანდაცვის სისტემას პანდემიის მორიგი ტალღა ჩამოშლის პირას მიიყვანს;

გაახალგაზრდავდება ემიგრაცია – წავლენ ახალგაზრდები, რომ მიიღონ განათლება, სამუშაო უნარები, გამოცდილება და აღარ დაბრუნდებიან; 

გამოუძიებელი საქმეები ისევ თაროდან თაროზე გადაინაცვლებს, სატელევიზიო გამოძიებებიდან მივხვდებით, რომ რაღაც დიდ შარში ვართ, მაგრამ ვერაფერს გავაკეთებთ;

უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის არარსებობის გამო გაგრძელდება სიკვდილიანობა გზებზე, სამუშაო ადგილებზე, გაგრძელდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება და დაპატიმრება ე.წ "საზღვრისპირა" სოფლებიდან; 

მოიმატებს ნარკოდამოკიდებულება და ლუდომანია; 

დემოგრაფიულ პრობლემებზე ისევ ილაპარაკებენ და იტყვიან, რომ ჩვენი ერის კარგად ყოფნა "იქ, გარეთ" არ აძლევთ ხელს და ამიტომ გვებრძვიან; 

ანაკლია ვერ აშენდება, რუსეთში ტამანის პორტი აიღებს მის ფუნქციას; 

შეიქმნება რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი – ახალაშენებულ ტროლების ქარხანაში, რომელიც იქნება უფრო თანამედროვედ აღჭურვილი, ვიდრე ტროლების ძველი ქარხნები; 

რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი შეიძლება მარიხუანის პლანტაციაშიც შეიქმნას – "ქვეყანას სჭირდება ასე";

გაკეთდება სკვერი, ყველა ქუჩაზე თითო, გარემონტდება რამდენიმე გზა, ხელფასი და სოციალური შემწეობა მოიმატებს 41 ლარით; 

გაგრძელდება შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან. არა, კორუფციასთან ვერა – ოპოზიციასთან, კრიტიკულ მედიასთან და სამოქალაქო ჯგუფებთან; 

გაგრძელდება 9 წლის კრიტიკა და იმდროინდელი მეთოდების ეფექტიანი გადმონერგვა; 

კორუფციული ტენდერებიც გაგრძელდება;

ქუთაისში გაგრძელდება კანალიზაციისა და გზების პრობლემების მოგვარებაზე საუბარი, მაგრამ როდის ექნება ქალაქს გამართული საკანალიზაციო სისტემა, ისევ გაუგებარი დარჩება;

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი თანდათან დაკარგავს ფუნქციას;

გაგრძელდება ლაპარაკი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე;

განათლების რეფორმა არც დაიწყება და არც გაგრძელდება;

გელათის სამონასტრო კომპლექსში არასწორად გაკეთებული გადახურვის გამო, წყალი ისევ ჩამოვა, საუკუნოვანი ფრესკები დაიკარგება;

სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი მოიმატებს, ამ პრობლემის დასაძლევად, სასწრაფოდ, 2 წელიწადში აშენდება ერთი ახალი უფასო სასადილო;

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებში ჩვენ მიმართ კრიტიკა მოიმატებს, მაგრამ ეს ხელისუფლების გუნება-განწყობას ვერ გააფუჭებს;

ლარის კურსი გააგრძელებს თავისუფალ ვარდნას – ცურვასთან ერთად. დაგვაჯერებენ, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და საგანგაშო არ არის, ჩვენ არ დავიჯერებთ, მაგრამ ვერც ვერაფერს შევცვლით;

"ოცნების" ჩინოვნიკები უკიდეგანოდ გამდიდრდებიან;

ბოლოს ყველას ყელში ამოუვა ეს ფარსი და იფეთქებს, ხუხულასავით ჩამოიშლება ნაშენები კომფორტი და კონფორმიზმი,
დავიწყებთ თავიდან ჯანმრთელი სახელმწიფოს შენებას, მაგრამ დაკარგული წლების გამო, უზარმაზარი ჯაფა დაგვადგება, და ხშირად ვინანებთ, რომ უფრო ადრე არ გამოვფხიზლდით.

ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

კომენტარები