არჩევნები 2020

ნოდია დეგნანის განცხადებაზე: მხარს უჭერს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და არა სხვა ინდივიდით

პოლიტოლოგი გია ნოდია ტაბულასთან საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც იგი სურვილს გამოთქვამს, საქართველოში დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ყოფს ქართულ საზოგადოებას. ნოდიას თქმით, ელჩის სიტყვებში შეგვიძლია, ირიბად დავინახოთ იმ აზრის მხარდაჭერა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ქართული ოცნების მმართველობა ნიშნავს ინდივიდის – ბიძინა ივანიშვილის მმართველობას და ის არ უნდა შეიცვალოს ისევ სხვა ერთი ინდივიდის გარშემო არსებული პარტიის დომინირებით.

"როგორც ჩანს, ამერიკის ელჩი უყურებს საქართველოში საზოგადოებას. საქართველოში დემოკრატიული ორიენტაციის ადამიანებში არის განწყობა, რომ ნაკლებად პერსონალიზებული უნდა იყოს პოლიტიკა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ირიბად ეს შეიძლება დავინახოთ როგორც მხარდაჭერა იმ აზრისა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ან ქართული ოცნება ცალსახად დომინანტი ძალა აღარ იყოს იმიტომ, რომ ქართული ოცნების მმართველობა ნიშნავს ინდივიდის მმართველობას, ანუ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას და, ამავე დროს, ის არ შეიცვალოს ისევ სხვა ერთი ინდივიდის გარშემო არსებული პარტიის დომინირებით.

პრაქტიკულად, ამ მეორე ვარიანტის შანსი არც არის, მაგრამ პირველი ვარიანტი შესაძლებელია – შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში და ეს ნიშნავს ერთი ინდივიდის – ბიძინა ივანიშვილის მმართველობას". – ამბობს ნოდია.

ტაბულას კითხვას, მისი აზრით, ელჩი დეგნანის ეს განცხადება ხაზს ხომ არ უსვამს საკითხს, რომ არჩევნების შემდეგ ისევ სხვა ერთი პიროვნების გარშემო არსებული პარტია შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, ნოდია პასუხობს: 

"ზოგად პრინციპზე საუბრობს [კელი დეგნანი]. მე არ მგონია, რომ მას ან ვინმეს, ვინც ობიექტურად უყურებს ვითარებას, ეგონოს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. 

ის საუბრობს არა კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ კონკრეტულ პრინციპზე - ეს იქნება სერიოზული პროგრესი დემოკრატიის გზაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა გახდეს ნაკლებად პერსონალიზებული". – თქვა გია ნოდიამ. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საპარალამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არჩევნების შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფერ ანდერსონს ესაუბრა.

"ვისურვებდი, დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, შექმნან დაპირისპირება და დათესონ დაბნეულობა ქვეყანაში". – თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

კომენტარები