არჩევნები 2020

სამადაშვილი კობახიძეზე: "ოცნება" წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს

ფორმულა

"ქართული ოცნება წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს". – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.  

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება "ტრადიციულად, როგორც სჩვევია", ოპოზიციას არჩევნების წინ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვაში ადანაშაულებს და მისივე სიტყვებით, აქცენტს იმ ოლქებზე აკეთებს, სადაც "არის განწირული სრული კრახისთვის."

"მე მინდა, ავხსნა, რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის ეს ბრიფინგი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება რეალურად ამ არჩევნებს აგებს. წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს, აღარავინ აღარ დარჩა მისი სახელით სასაუბროდ, გარდა ყველაზე ოდიოზური ფიგურებისა, როგორიც არის კობახიძე, ქალბატონი წულუკიანი. ქართული ოცნების უკანასკნელი მხარდამჭერებიც კი, ვინც რაიმე ღირებულების გამო იყვნენ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ტოვებენ მათ რიგებს. მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რომ ქართული ოცნების მიერ დაქირავებული კოორდინატორებიც კი აღარ გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ ამ პოლიტიკურ ძალას. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის საკუთარი ქვეყნის დიდი პატრიოტი. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეა ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება 31 ოქტომბერს". – ამბობს სალომე სამადაშვილი. 

სამადაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მივიდნენ საარჩევნო უბანზე და გააკეთონ მათთვის მისაღები არჩევანი, მაგრამ, მისივე სიტყვებით, "ჩვენი არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს ქართული ოცნების და რუსეთის წინააღმდეგ."  

დღეს, 28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ "რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს." მისივე სიტყვებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვანო მერაბიშვილის მეთაურობით "ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი." კობახიძე ამბობს, რომ შტაბის ამოცანაც "მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა."

კომენტარები