საფრანგეთი - თურქეთი

თურქეთმა "შარლი ებდოში" ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნება დაგმო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთმა შარლი ებდოში გამოქვეყნებული რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურა დაგმო. ოფიციალურმა პირებმა კარიკატურას "კულტურული რასიზმისა და სიძულვილის" გავრცელების საშუალება უწოდეს.

"მტკიცედ ვგმობთ ჩვენს პრეზიდენტთან დაკავშირებულ პუბლიკაციას ფრანგულ ჟურნალში, რომელიც არ სცემს პატივს არც ერთ რწმენას, სიწმინდესა და ფასეულობას... ისინი აჩვენებენ საკუთარ ვულგარულობასა და ამორალურობას. პირად უფლებებზე თავდასხმა არ არის იუმორი და სიტყვის თავისუფლება". – დაწერა პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა, Twitter-ზე.

თურქეთის საპრეზიდენტო კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ფაჰრეტინ ალტუნმა აღნიშნა, რომ ეს იყო მაკრონის "ანტიმუსლიმური პოლიტიკის" შედეგი.

"ჩვენ ვგმობთ გამოცემის უაღრესად ამაზრზენ მცდელობებს, გაავრცელონ თავისი კულტურული რასიზმი და სიძულვილი". – წერს ალტუნი Twitter-ზე.

ბოლო პერიოდში თურქეთსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა. ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ფრანგული პროდუქციისთვის. ერდოღანის პოზიცია დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფრანგ მასწავლებელს, სამუელ პატის, მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.

"ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ". – თქვა მაკრონმა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ერდოღანმა მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა მაკრონის ისლამთან დაკავშირებული პოზიციის გამო თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. ერდოღანის კომენტარის შემდეგ საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო.

კომენტარები