კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

პედრო სანჩესი
AP

ესპანეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა. სატელევიზიო მიმართვაში მან თქვა, რომ კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 ოქტომბრის ღამიდან შევა ძალაში.

საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე ამოქმედდება კომენდანტის საათი. გამონაკლისს მხოლოდ კანარის კუნძულები წარმოადგენს.

რეგიონების ლიდერებს უფლება ექნებათ, კომენდანტის საათის დაწყებისა და დასრულების დრო შეცვალონ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვას გაამკაცრებს. მათ ასევე შეეძლებათ დაკეტონ რეგიონული საზღვრები, შეზღუდონ მოგზაურობა და აკრძალონ 6-ზე მეტი ადამიანი თავშეყრა.

პედრო სანჩესმა თქვა, რომ პარლამენტს სთხოვს, საგანგებო მდგომარეობა 6 თვით, მომავალი წლის მაისამდე გახანგრძლივდეს.

პანდემიის დაწყებიდან ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე 2-ჯერ გამოცხადდა. პირველად ეს მოხდა მარტში და კარანტინის მკაცრი ზომები ივნისამდე გაგრძელდა. მეორედ კი საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ დედაქალაქ მადრიდში გამოცხადდა გასული 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა ზრდა დაიწყო.

მიმდინარე კვირას ესპანეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა ერთ მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 1 110 372. მხოლოდ 23 ოქტომბერს ვირუსი 20 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 34 752 ადამიანი. პრემიერმინისტრის თქმით, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, 3 მილიონზე მეტი იყოს.

კომენტარები