სპეცოპერაცია ზუგდიდში

ელისაშვილი: ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას

რუსთავი 2

პარტია მოქალაქეების საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს. მიზეზად ის გუშინ, ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციასა და დღეს, მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

"ვითხოვთ გომელაურის გადადგომას. თვითონ უნდა ჰყოფნოდა შეგნებაც, მორალიც, ნამუსიც და თავად უნდა გადამდგარიყო გუშინდელი დღის შემდეგ და დღევანდელი ამაზრზენი განცხადების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ თანხა საქართველოს ბანკის იყო, საქართველოს ბიუჯეტის კი არაო. თითქოს, ეს იყო მთავარი პრობლემა. საქართველოს ბანკის ფული, რა, ხალხის ფული არაა?". - ამბობს ელისაშვილი. 

დღეს, 22 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც თავდამსხმელს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადეს, ბიუჯეტის თანხა არ არის და საქართველოს ბანკს ეკუთვნის.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები