ყაჩაღობა ზუგდიდში

R2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი გაიქცა, ყველა მძევალი კი გამოუშვა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი გაუშვა, თავად კი გაქცევა მოახერხა.

"გათავისუფლებული ვართ, სამივე სამშვიდობოზე ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს. გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოგვიშვა. ღამე იყო და არ ვიცი რა ადგილას გამოგვიშვა. მანქანაში კარგად იქცეოდა, არანაირი მუქარა არ ყოფილა, ჰუმანურად იქცეოდა, ხელში ჰქონდა ყუმბარა". – ამბობს ერთერთი მძევალი, ლაშა შენგელია, რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში.

ჯერჯერობით, ოფიციალურ უწყებების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებიათ.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია სამ მძევალთან ერთად რამდენიმე საათის წინ, პოლიციის მანქანით დატოვა. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი $500 000-სა და ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი თავისუფალია და გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები.

21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები