ჯამალ ხაშოგის მკვლელობა

მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის, საცოლემ საუდის არაბეთის პრინცს სასამართლოში უჩივლა

Reuters

მოკლული საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის, საცოლემ საუდის არაბეთის პრინცს ხაშოგის მკვლელობის დაკვეთაში დასდო ბრალი და სასამართლოში უჩივლა.

ჰატიჯე ჩენგიზი და ჯამალ ხაშოგის მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია სასამართლოში მოჰამედ ბინ სალმანს და კიდევ 20 ადამიანს უჩივიან.

ჯამალ ხაშოგი 2018 წელს თურქეთში, სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთის პრინცი მკვლელობის ბრძანების გაცემას უარყოფს.

სამოქალაქო სარჩელი ჰატიჯე ჩენგიზმა და ორგანიზაციამ Democracy for the Arab World Now-მ (DAWN) ვაშინგტონის სასამართლოში შეიტანეს. ჩენგიზის მხრიდან სარჩელის საფუძველი მისთვის მიყენებული პირადი ზიანი და ფინანსური დანაკარგია. DAWN-ის განცხადებით კი, ჟურნალისტის სიკვდილმა ორგანიზაციის მუშაობა შეაფერხა.

სარჩელის თანახმად, ჯამალ ხაშოგი მოჰამედ ბინ სალმანის მითითებით მოკლეს. 

"მკვლელობის მიზანი ნათელი იყო - აშშ-ში ხაშოგის საქმიანობის შეჩერება, არაბულ სამყაროში დემოკრატიული რეფორმების შეფერხება". – წერია სარჩელში.

ჩენგიზის და DAWN-ის განმარტებით, სარჩელის მიზანია აშშ-ს სასამართლომ საუდის არაბეთის პრინცი ჟურნალისტის მკვლელობაში პასუხისმგებლად ცნოს და მოიპოვოს დოკუმენტები, რომლებიც სიმართლეს გამოააშკარავებს.

"ჯამალ სჯეროდა, რომ ამერიკაში ყველაფერი შესაძლებელი იყო. სამართლიანობის აღდგენაში ამერიკის სამოქალაქო იუსტიციის სისტემის იმედი მაქვს". – თქვა ჰატიჯე ჩენგიზმა.

2020 წლის სექტემბერში საუდის არაბეთის სასამართლომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა. ექვს პიროვნებას 7-იდან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.

2018 წლის 2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი, ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ამტკიცებს, ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი სხეული დაანაწევრეს.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის მკვლელობას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დანიამ საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვა შეუჩერა, ხოლო გერმანიამ იარაღის გაყიდვის სამომავლო კონტრაქტები გაწყვიტა.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშში არის სამხილები, რომლითაც დასტურდება, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტრამპის თქმით, ეს კავშირი არ დასტურდება და ის შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას საუდის არაბეთთან.

ხაშოგის საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები