ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს უჩივის

მუჰამედ ბინ სალმანი
AP

პრესის თავისუფლების ჯგუფი, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანის და კიდევ რამდენიმე საუდელ მაღალჩინოსანს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

500-გვერდიანი საჩივარი საუდის არაბეთში ჟურნალისტების "ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ" დევნას ეხება, მათ შორის 34 ჟურნალისტის დაკავებასა და ჯამალ ხაშოგის მკვლელობას. საჩივარი ორგანიზაციამ გერმანიის პროკურატურაში შეიტანა.

"ეს ჟურნალისტები უკანონო მკვლელობების, წამების, სექსუალური ძალადობის დაშინების და გაუჩინარების მსხვერპლნი არიან". – თქვა ქრისტოფერ დელუარიმ, ორგანიზაციის ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე გენერალურმა მდივანმა.

საჩივარი გერმანელმა პროკურორებმა უნდა განიხილონ და გადაწყვიტონ, დაიწყონ თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება მუჰამედ ბინ სალმანის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის გადაწყვეტილება, საჩივარი გერმანიაში შეეტანა, განპირობებულია ამ ქვეყნის კანონმდებლობით. გერმანიის კანონები ქვეყნის სასამართლოს საზღვარგარეთ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებებზე იურისდიქციას ანიჭებს. მაშინაც კი, როცა ეს დანაშაულებები პირდაპირ არ არის დაკავშირებული გერმანიასთან.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე იმედოვნებს, რომ საჩივრის საფუძველზე გერმანელი პროკურორები დაიწყებენ "სიტუაციურ ანალიზს", რაც შემდგომში, შესაძლოა, გაგრძელდეს ოფიციალური გამოძიებით იმის დასადგენად, ჩაიდინეს თუ არა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები საუდის არაბეთის პრინცმა და ოთხმა საუდელმა მაღალჩინოსანმა.


თებერვლის ბოლოს აშშ-მ ხაშოგის მოკვლისთვის, სანქციები, სავიზო აკრძალვები დაუწესა საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს, თუმცა სნაქციები საუდის პრინცს არ შეეხებია. სანქციების დაწესება აშშ-ს დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანაგრიშს მოჰყვა, რომლის თანახმად, ხაშოგის მკვლელობის ოპერაცია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის თანხმობით მოხდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ მუჰამედ ბინ სალმანი ამ საქმეში მონაწილის სახით საჯაროდ დაასახელა.

"ჩვენი შეფასებით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა თანხმობა გასცა ოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც სტამბოლში უნდა დაეჭირათ ან მოეკლათ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი. ეს შეფასება ეფუძნება ტახტის მემკვიდრის კონტროლს სამეფოში გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც მას 2017 წლიდან აქვს, საქმეში მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლების და დაცვის წევრების პირდაპირ მონაწილეობასა და ტახტის მემკვიდრის მხარდაჭერას საზღვარგარეთ დისიდენტების, მათ შორის ხაშოგის გასაჩუმებლად ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისადმი. 2017 წლიდან ტახტის მემკვიდრეს აბსოლუტური კონტროლი აქვს სამეფოს უშიშროებისა და დაზვერვის ორგანიზაციებზე და ნაკლებად სარწმუნოა, რომ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს მსგავსი ოპერაცია მისი თანხმობის გარეშე ჩაეტარებინათ". – ვკითხულობთ აშშ-ს დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ CIA-ს შეფასებით მკვლელობის უკან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე იდგა, თუმცა მაშინ ბრალდება საჯაროდ არ გაჟღერებულმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ CIA-ს ხაშოგის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კავშირი არ დაუდგენია.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჯო ბაიდენსა და საუდის არაბეთის მეფეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა მეფე სალმანთან ისაუბრა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-სთვის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Reuters წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის შეთანხმების გაუქმებასაც.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. სამეფოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს, იმ აგენტებმა მოკლეს, რომლებსაც მისი სამშობლოში დაბრუნება ჰქონდათ დავალებული. საქმეზე 5 პირი დააკავეს. მათ ჯერ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდეგ კი სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა თურქეთმა და საქმეზე სასამართლო პროცესიც დაიწყო, ხაშოგის საცოლემ კი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ვაშინგტონის სასამართლოში უჩივლა.


2018 წლის 2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი დაანაწევრეს.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები