არჩევნები 2020

სააკაშვილი ხელისუფლებას: არჩევნების ჩასატარებლად შეისწავლეთ სამხრეთ კორეის გამოცდილება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მაღალჩინოსანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს – ან გადადოს არჩევნები და ამ შემთხვევაში, მისი თქმით, 0 ხმა აიღოს, ან ჩაატაროს 31 ოქტომბერს და გადავიდეს ოპოზიციაში, თუმცა, ჰყავდეს ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა პარლამენტში. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. უკრაინის მაღალჩინოსნის შეფასებით, ყველა რიცხვი და განწყობაზე იმას მიუთითებს, რომ ქართულ ოცნებას არჩევნები წაგებული აქვს. 

"ახლა, უბრალოდ, საუბარია მათთვის კარგ, მსუბუქ სცენარსა და ძალიან ცუდ სცენარზე. მე მათ არ ვუსურვებ ძალიან ცუდ სცენარს გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები ვართ". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

ენმ-ს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ქართულ ოცნებას სთავაზობს, არჩევნების ჩატარებისას სამხრეთ კორეის მაგალითით ისარგებლოს. 

"მათ დაარიგეს ხელთათმანები, ნიღბები, სადეზინფექციო ხსნარები. ყველგან იცავდნენ დისტანციას. საარჩევნო უბნები სპეციალურად გადაიტანეს უფრო მაღალჭერიან შენობებში და ბევრგან ღია სივრცეშიც, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ერთი სიტყვით, კარგად შეისწავლეთ სამხრეთ კორეის გამოცდილება, თქვენთვის უკეთესია და მიეცით ჩვენს ხალხს ნება, ძალიან უსაფრთხოდ ჩაატარონ არჩევნები, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღეს, 19 ოქტომბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნები არ გადაიდება და 31 ოქტომბერს წესების დაცვით ჩატარდება. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ახალი კორონავირუსის შემთხვევები კი ყოველდღიურად იმატებს.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში COVID-19-ის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. 

ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები