არჩევნები 2020

მელია: ქართული მარშის გამართულ აქციაში ოცნების აქტივისტებიც მონაწილეობდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანის ოლქში, ნიკა მელია, ამბობს, რომ გუშინ მის ოფისთან პუტინისტური პარტიის ქართული მარშის მიერ გამართულ აქციაში ქართული ოცნების აქტივისტებიც მონაწილეობდნენ.

მელიას თქმით, მმართველმა პარტიამ იცის, რომ გლდანის ოლქს უპირობოდ აგებს და ასეთ ხერხებს სწორედ ამიტომ მიმართავს.

"ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ქართული მარშის ნებისმიერ წარმომადგენელს მოუნდა აქციის გამართვა ნიკა მელიას ოფისის წინ მოწმენდილ ცაზე. განა იმიტომ, რომ მე ჩემი შეხედულება არ მაქვს ამ ორგანიზაციაზე, უბრალოდ, ერთხელაც კი არ გამომითქვამს მოსაზრება ამ ორგანიზაციაზე, არათუ უახლოეს წარსულში, რაც კი არსებობენ ისინი, მე არასოდეს მიხსენებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პოზიცია არ მაქვს.

რაღაც საბაბი ხო უნდა ჰქონოდათ და მოვიდნენ და თქვეს, რომ რაღაც განცხადება გამიკეთებია მათთან მიმართებაში. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქართული მარშის გარემოცვაში იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც ამიტომ, მათ არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ ამ აქციის გამართვის, იქ იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც. ვითომ განცხადება გავაკეთე და ამაზე აპელირებდნენ, მაგრამ რა განცხადებაზე იყო საუბარი, არ ვიცი". - თქვა ნიკა მელიამ რუსთავი2-თან საუბრისას.

გუშინ, 15 ოქტომბერს, მელიას ოფისთან პუტინისტები მიცვივდნენ. აქციაზე ისმოდა ფაშისტური შეძახილები.

პუტინისტურმა მოძალადე პარტიამ, ქართულმა მარშმა, მანამდე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პარტიის წევრები და გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი ნიკა მელიას "ბრალდებებზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ".

ნიკა მელია გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატია. პუტინისტური პარტიის ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად ბრეგაძემ პატრიოტთა ალიანსის მიერ კანდიდატის დაყენება დაასახელა.

კომენტარები